ფოთის “კოლხეთში” დიდი ცვლილებებია: გუნდი აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა ჩაიბარა
ფოთის “კოლხეთის” პრეს-ატაშე გია ეჯიბია ოფიციალურ გვერდზე ფოთის “კოლხეთის” ახალ ამბებზე წერს და აღნიშნავს, რომ გუნდი აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა, ადილ მახმუტოვმა ჩაიბარა.
“როგორც ცნობილია ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი წარუმატებელი გამოდგა ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913”-სათვის, რის გამოც გუნდმა დატოვა ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ეშელონი და 2019 წლის სეზონს ეროვნული ლიგა 2 ში გაატარებს.
ბუნებრივია შედეგი რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული გუნდში რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებდა რის გამოც ქალაქის ხელმძღვანელობამ და გასული სეზონის ბოლოს შექმნილმა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913-ის განვითარების სამუშაო ჯგუფმა (თავმჯდომარე დავით კუპრეიშვილი) რეფორმებისათვის უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები რაც გუნდში ქართულ ფეხბურთში ცნობადი სპეციალისტების მოწვევით დაიწყო. გუნდში იმუშავებენ სოსო ფილია და გიორგი კრასოვსკი რომელთა თანამდებობები გადაწყვეტის პროცესშია და უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. ასევე გუნდში იქნებიან რამდენიმე საფეხბურთო წრეებში საკმაოდ ცნობილი სახეები, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე აზერბაიჯანელი სპეციალისტი ადილ მახმუტოვი იქნა მოწვეული რომელსაც თავისი ქვეყნის ისეთ წანყვან გუნდებში უმუშავია როგორებიცაა ,,ნეფტჩი”, ,,ინტერი” და სხვა. მუშაობდა ასევე ირანში და ჩვენი ქვეყნის ,,გარდაბანში”. გავლილი აქვს სამწვრთნელო კურსები იტალიის ქალაქ მილანში სადაც 2 წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას.
გუნდი დღეისათვის ჩამოყალიბების პროცესშია და მასში მოახლოებულ ცვლილებებზე გუნდის პრესსამსახური ინფორმაციას უახლოეს დღეებში პერიოდულად მოგაწვდით”, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ეჯიბიამ “კოლხეთის” სტადიონის ფოტოებიც გაავრცელა.