ფოთის სამოყვარულო გუნდი “ჭაბონამა” უეფას რეგიონთა თასზე
“მოყვარულთა თასი 2017”-ის გამარჯვებული ფოთის სამოყვარულო გუნდი ჭაბონამა ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე – უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს წარმოადგენს.
პირველ მატჩში, 5 ივნისს, სლოვენიაში, ფოთელების მეტოქე მასპინძელი „მარიბორი“ იქნება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მომდევნო მატჩები 08 ივნისსა და 11 ივნისს, შესაბამისად, 17:30 და 21:30 საათზე გაიმართება. ქართველები რუმინეთის „ბუზაუ“-ს და ცენტრალურ შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.
ფოთის „ჭაბონამამ“ შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე, ლაგოდეხში გაიარა. სლოვენიაში გამგზავრებამდე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოყვარულ ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ სათამაშო ფორმები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცეს, რომლითაც ჭაბონამა უეფას რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი ქვეყნის გუნდმა, ისტორიაში პირველად, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ამის უფლება. აღსანიშნავია, რომ „მოყვარულთა თასი“-ს 2017 წლის პროექტი ქართული სპორტის ისტორიაში მასშტაბებით უპრეცედენტო იყო, ვინაიდან მასში მონაწილეობას იღებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის 41 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 294 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, 7688 მოყვარული ფეხბურთელის მონაწილეობით. მიუხედავად ამ რიცხვებისა, 2018 წლის პროექტში გაიზარდა როგორც მონაწილე მუნიციპალიტეტების, ისე მონაწილე გუნდებისა და, შესაბამისად, მოთამაშეთა რაოდენობა. პროექტში 49 მუნიციპალიტეტის 350-მდე გუნდი და 10 000-მდე მოყვარული ფეხბურთელია ჩართული.
ვროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი – უეფას რეგიონთა თასი სამი ეტაპს მოიცავს: პირველი – შესარჩევი რაუნდი სამი ოთხგუნდიანი ჯგუფისაგან შედგება, მომდევნო – შუალედური ეტაპი – რვა ჯგუფისგან, საიდანაც რვა საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. თითოეული გათამაშება, საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
Gff.Ge