ფოთში მსაჯი დაჭრეს
არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა ფოთში “ბათუმსა” და თბილისის “არმიას” შორის გამართული სარაგბო მატჩის (21:21) შემდეგ. როგორც “ლაივპრესი” იტყობინება, შეხვედრის დასრულების შემდეგ 21 წლის რეფერი ნიკა ამაშუკელი სხეულზე მიყენებული დაზიანებით ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თვითმხილველები სააგენტოს ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მატჩის შემდეგ “არმიას” მენეჯერი ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.
“როგორც ვიცი, ფეხის არეში დაჭრა, დანა იყო თუ რა საგანი, ჩვენ არ დაგვინახავს”, – ციტირებს თვითმხილველის სიტყვებს “ლაივპრესი”.
ფოთის რაგბის სტადიონის დირექტორი ამირან შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსაჯს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისთვის უცნობია, ვინ და რა სახის დაზიანება მიაყენა მსაჯს.
“არ ვიცი, რა სახის ჭრილობა და დაზიანება აქვს, ან რითი მიიღო თუ მიაყენეს. თამაშის დასრულების შემდგომ ინვენტარს ვალაგებდი, ხმაური რომ ატყდა და მივირბინე, უკვე მომხდარი იყო და ფეხი დაზიანებული ჰქონდა. იმავდროულად გამოვიძახეთ სასწრაფო”, – უთხრა “ლაივპრესს” შავგულიძემ.
შსს ფოთის სამმართველოს უფროსის, ზურაბ ალანიას განმარტებით, ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა.
“ჩვენ გადმოგვცეს შეტყობინება, რომ ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, ბლაგვ საგანზე წაიქცაო, ასე ვიცი მე”, – განუცხადა სააგენტოს ფოთის პოლიციის უფროსმა.