PHR: “ნიკოლოზ ბასილაშვილი გენდერული ნიშნით ძალადობდა”
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR), რომელიც სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს წარმოადგენს, ჩოგბურთელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას”, – წერია განცხადებაში.
ჯერჯერობით, ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუას პასუხი არ გაუცია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.