ფრანჩესკო ტოლდო: “ინტერი” ჩემპიონთა ლიგას მალე დაუბრუნდება”
მილანის “ინტერის” ყოფილმა მეკარემ ფრანჩეკსო ტოლდომ, რომელიც დღესდღეობით კლუბის სტრუქტურაში მუშაობს, იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მალე დაუბრუნდება. იტალიელის თქმით, “ნერაძურის” აზიელი ხელმძღვანელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დასაბრუნებლად ძალისხმევას არ იშურებენ.
“ინტერი” უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად ემზადება. წინა სეზონის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ აქტიური მუშაობა წამოიწყო იმისთვის, რომ “ინტერი” უმაღლეს დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. ჩემპიონთა ლიგას მალე დავუბრუნდებით.
“ინტერი” ჩინური კომპანიის მფლობელობაშია, სათავეში კი ინდონეზიელი პრეზიდენტი ჰყავს და ეს ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. საერთოდაც, ბევრი უცხოელი ფეხბურთელის ყოლა ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა. გვჯერა, რომ მულტიკულტურალიზმი ამდიდრებს.
ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია. იტალიიდან ასე შორს გასამგზავრებლად ბევრი მიზეზი გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ ფანებთან ახლოს ყოფნა. “ინტერს” აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 163 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს. ასე რომ, ამ ქვეყნებში ჩასვლა და თამაში ძალზედ მნიშვნელოვანია”, – ტოლდოს კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.