ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის.
გასულ უქმეებზე ფრანგული პრესა იუწყებოდა, რომ შუმახერი საიდუმლო რეჟიმით პარიზში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის მომდევნო პროცესს გაივლის. ფრანგმა მედიკოსებმა ეს ინფორმაცია გამოცემა “პარიზიენს” დაადასტურეს.
“დიახ, მიხაელ შუმახერი ნამდვილად არის ჩვენი პაციენტი. გარწმუნებთ, რომ ის ცნობიერ დონეზეა”, – თქვა ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკის ერთ-ერთმა მედდამ.
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. მას შემდეგ გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ შუმახერის ოჯახი მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალურად გასაიდუმლოებას ცდილობს.