ფრანგმა გენიოსმა “რეალი” დატოვა: დეტალები ზიდანის იდუმალი გადაწყვეტილების შესახებ
15.20. ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა! ფრანგი სპეციალისტის მოულოდნელი პრეს-კონფერენცია ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელი მიზეზის გამო დაიგეგმა.
15.25. “კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. მართალია, ეს მოულოდნელი იყო მაგრამ იმისათვის, რომ კლუბმა ტიტულების მოგება განაგრძოს, ცვლილებები, ახალი მეთოდებია საჭირო. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. ეს კლუბი და პრეზიდენტი ძალიან მიყვარს,” – აცხადებს ზიდანი.
15.30. პრეს-კონფერენციას მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც ესწრებოდა: ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, მისი ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ძალიან ცუდი დღეა ჩემთვის, ფეხბურთელებისა და ფანებისთვის.
მან ძალიან კარგად იცის, რომ ისევე როგორც ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი, ყოველთვის სასურველი იყო ჩემთვის. მინდოდა ის კიდევ დიდი ხნით დარჩენილიყო ჩვენთან. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვუთხრა – ეს კლუბი შენი ოჯახია.
გუშინ სახლში მივაკითხე იმის სანახავად, იყო თუ არა მზად. მითხრა, რომ დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც “რეალისთვის” გააკეთა. არ მინდა მას დავემშვიდობო – “მალე გნახავ”. დარწმუნებული ვარ, რომ ის “რეალში” დაბრუნდება”
15.35. ზიდანი “რეალი” სხვა კლუბში არ გაუცვლია. ამ დროისთვის, ასეა.
15.45. ზიდანის წასვლა “რეალისთვის” ძლიერმოქმედი ბომბის ამოქმედებას უდრიდა. რამდენად არის მზად “ბლანკოსი”? ფლორენტინო პერესს ორი ვარიანტი აქვს: ან კვლავ კლუბის არსებული რესურსით (სანტიაგო სოლარი ან გუტი) შეეძლება სიტუაციიდან თავის დაძვრენას ან ისევ გამოცდილ სპეციალისტს მიიყვანს გუნდში (არსენ ვენგერი, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო ან სხვა).
15.55. Marca-ს ჟურნალისტმა, ხესუს სანჩესმა, სწრაფი ანალიზის სახით სამი მიზეზი დაასახელა, რასაც, შესაძლოა, ზიზუს ეს ნაბიჯი გამოეწვია: 1. ზიდანის ხასიათი – ზინედინ ზიდანმა “რეალი” ფეხბურთელის რანგშიც მაშინ დატოვა, როდესაც საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. 2. გუნდის შიდა სამზარეულოში არსებული პრობლემები. მაგალითად, ბეილთან არსებული მცირე უთანხმოება. 3. როგორც ვიცით, პერესს ძალიან უჭირს ერთ მწვრთნელთან 3 სეზონზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობა, თუნდაც ის ზედგამოჭრილი იყოს ამ პოზიციისთვის.
16.03. . არასრულ სამ წელიწადში ზიდანმა “რეალთან” ერთად 9 ტიტული მოიგო – როგორც ბოლო 6-მა მწვრთნელმა ერთად – მათ შორის, სამი ჩემპიონთა ლიგა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე მწვრთნელის სახელიც მოიხვეჭა, მაგრამ მაინც წავიდა.
16.09. “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი, ზიდანის წასვლას “ტვიტერზე” გამოეხმაურა: “როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმაც, კარიერის პიკზე დაგვტოვე. მადლობას გიხდით ბრწყინვალე 2.5 წლისთვის. შენი სახელი მუდამ ჩვენს გულებში იქნება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელია ჩვენი საყვარელი გუნდის – “რეალის” – ისტორიაში.”
16.14. ზიდანის წასვლა არამარტო ფანებისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელებმა ამის შესახებ ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდნენ. რამოსის ნათქვამმა კი მათი უმეტესობა გაქვავებული დატოვა.
16.19. ბუკმეკერებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომელი იქნება ზიდანის მომდევნო კლუბი. “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მარსელს”, საფრანგეთის ნაკრებსა და ჩინურ კლუბებს, ყველას 200 აქვს კოეფიციენტი.
16.23. ზიზუს მადრიდელები გულთბილად ემშვიდობებიან. ტონი კროოსი გერმანული ცივი ხასიათით: “მადლობა, მისტერ, ძალიან სასიამოვნო იყო.” ისკო ესპანური ტემპერამენტით:”ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა, ყოველ დღე ვსწავლობდი თქვენგან. თქვენ ეს გუნდი ფენომენალური გახადეთ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.” დანი კარვახალი: “მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან ერთად გატარებული დროისთვის. თქვენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, წარმატებებს გისურვებთ. #ThanksZidane”
16.29. As-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სადაც ამ დროისთვის 7.5-მა ათასმა ფანმა მიიღო მონაწილეობა, 57 პროცენტი ზიდანის გადაწყვეტილებას ემხრობა, 43 პროცენტი – არა.
16.33. სახალისო ფაქტი. ზიდანი პირველი მწვრთნელია ფლორენტინო პერესის ეპოქაში, რომელმაც კლუბი თავისი ნებით დატოვა. ყველა დანარჩენი პერესმა გააგდო – დელ ბოსკე, ხუანდე რამოსი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი.
16.33. სახალისო ფაქტი. ზიდანი პირველი მწვრთნელია ფლორენტინო პერესის ეპოქაში, რომელმაც კლუბი თავისი ნებით დატოვა. ყველა დანარჩენი პერესმა გააგდო – დელ ბოსკე, ხუანდე რამოსი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი.
16.44. “რეალის” ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს პოჩეტინოა. მართალია, მან ახალხან გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პოჩეტინოს წასვლა შეუძლია, თუ “რეალისგან” მიიღებს შემოთავაზებას. Marca-ში სჯერათ, რომ პერესმა უკვე მოასწრო მასთან დარეკვა.
16.57. As ზიდანის შესაძლო შემცვლელების სიას გვთავაზობს: იოაჰიმ ლიოვი, მაურისიო პოჩეტინო, იურგენ კლოპი, არსენ ვენგერი და გუტი.
17.22. რონალდუს კომენტარი, რომელსაც ყველა ელოდა: “უბრალოდ ვამაყობ, შენი ფეხბურთელი რომ ვიყავი. დიდი მადლობა, მისტერ.”