ფრანგულმა კლუბმა ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო (ფოტო, ვიდეო)

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა “გროლემ” ბექა ბურდიაშვილს ემოციური ვიდეო მიუძღვნა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ოთხშაბათს “გროლეს” სტადიონის დარბაზში ბექას თანაგუნდელები, კლუბის ხელმძღვანელები და მისი მეგობრები შეიკრიბნენ. ეკრანზე მისი თამაშის ამსახველი კადრები ქართული ხალხური სიმღერის თანხლებით გამოჩნდა.
დარბაზში იმყოფებოდა ქალაქ გროლეს მერი კლოდ ფიტა, რომელმაც ბექაზე ისაუბრა.
“ბექა გროლეში ბედნიერი იყო. ის ამ კლუბისათვის ბოლომდე იხარჯებოდა. თავისი პიროვნული მახასიათებლების გამო, ის ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა”, – განაცხადა ქალაქის მერმა.
ამის შემდეგ თანაგუნდელზე ისაუბრა გუნდის ვიცე-კაპიტანმა ჟულეს მონტელსმა: “მან პატივისცემა ყველასაგან დაიმსახურა. ბექას ჩვენი კლუბი უყვარდა. მას ძალიან უყვარდა საკუთარი სამშობლო, ამის გამოსახატად, მკერდზე ტატუ ჰქონდა გაკეთებული.”
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბექა ბურდიაშვილი 26 იანვარს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას თბილისში კვირას, 2 თებერვალს გადმოასვენებენ.