ფრენკ ლამპარდი: “ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩემი გუნდის მჯერა’
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა უეფას სუპერთასზე, “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე სტამბულში, “ვოდაფონ პარკზე” პრესკონფერენცია გამართა.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” პირველ 60 წუთში ვგრძნობდი, რომ თამაშის კონტროლი შეგვეძლო. 0:4 მარცხის შემდეგ საუბარი რთულია, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩემი ფეხბურთელების მჯერა. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. “ლივერპულმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგო, იურგენ კლოპი კი ბრწყინვალე მწვრთნელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ გამარჯვება მოვიპოვოთ.
წინა მატჩში ნგოლო კანტეს სათადარიგოთა სკამზე დასმა მისი ტრავმით იყო გამოწვეული. ვფიქრობ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. ახალგაზრდა ფეხბურთელები შანსს იმსახურებენ.
აზარი ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, მე მისი ფანი ვიყავი. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისის შევსებას შეეცდებიან. “ჩელსის” ყოველთვის ჰყავდა ლიდერები – ჯონ ტერი, დიდიე დროგბა, ედენ აზარი.
ვილიანს ტრავმა აქვს და ჯერ დაბრუნებასთან ახლოს არ არის. ჩვენ მის გამოჯანმრთელებაზე ვმუშაობთ.
ქალი მსაჯების დანიშვნა დიდებული ამბავია. მათ ეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი მუშაობით დაიმსახურეს. ვფიქრობ, მათთან ერთად საინტერესო მატჩი გველის”, – განაცხადა ლამპარდმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპული”-“ჩელსის” დაპირისპირება 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად სტამბოლიდან, Fanebi.Com