ფრენკ ლამპარდმა დაასახელა საუკეთესო მეტოქეები, ვის წინააღმდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია
ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ჰკითხეს, თუ ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მას ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია.
ლამპარდმა სამი მეტოქე გამოარჩია, სამივე მათგანი “ბარსელონადან”.
“შეიძლება, ორი პასუხი გაგცეთ? რეალურად, სამი საუკეთესო იყო. პირველი ლიონელ მესია, ის შეუდარებელი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს ბალანსი, სისწრაფე. ვიცი, რომ ბევრი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ის განსაკუთრებულია. ისეთს არაფერს ვამბობ, რაც სხვამ არ იცის.
თუმცა, მესი ჩემი პოზიციის ფეხბურთელი არ იყო. ორი მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც ყოველთვის მიჭირდა, ჩავი და ინიესტა იყვნენ. ისინი მოედანზე თავს თავისუფლად გრძნობდნენ, ფეხბურთს შენ გარშემო თამაშობდნენ, შენ კი მათ ვერც კი უახლოვდებოდი. ეს დუეტი განსაკუთრებული იყო”, – თქვა ლამპარდმა.