“ფუენლაბრადას” ფეხბურთელმა ოთხ წუთში წითელი ბარათი ორჯერ მიიღო (ვიდეო)
2 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში “ფუენლაბრადამ” საკუთარ მოედანზე “ხირონა” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას მეტად უცნაური რამ მოხდა. 68-ე წუთზე “ფუენლაბრადას” ნახევარმცველმა კრისტობალ მარკესმა მეტოქე გუნდის მოთამაშის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა. მალევე, ეს ეპიზოდი ვიდეორეფერის საშუალებით გადაამოწმეს. მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა, რომ კრისტობალისათვის წითელი ბარათი გაეუქმებინა და მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძელთა ფეხბურთელი გასახდელიდან მოაბრუნეს.
წესით, კრისტობალს თამაში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მოედანზე დაბრუნებისთანავე მას “ხირონას” ფეხბურთელთან შელაპარაკება მოუვიდა და შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 35 წლის ნახევარმცველს არ გაუმართლა – ის მოედნიდან მაინც გააძევეს.