პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.
ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.
ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.
„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.
საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com