პიკე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებით პუიოლს გაუთანაბრდა, რეკორდს ხავი ფლობს
კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბლაუგრანამ” კიევის “დინამო” ჟერარ პიკეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.
ჟერარ პიკესთვის ეს რიგით 120-ე მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით. ამდენივე მატჩი ჰქონდა ჩატარებული კარლეს პუიოლსაც.
“ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ხავის აქვს ჩატარებული (157). ხავის ლეო მესი (149), ანდრეს ინიესტა (132), სერჟი ბუსკეტსი (122) და კარლეს პუიოლი (120) მოჰყვებიან.
ჟერარ პიკე ამავდროულად ყველაზე ხნიერი ფეხბურთელია, რომელსაც კატალონიური გრანდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლი აქვს გატანილი – პიკე 34 წლის გახლავთ (+260 დღე).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კარში პირველად სწორედ “დინამოსთან” მატჩში დაარტყა. პირველი ორი შეხვედრა რონალდ კუმანის გუნდმა სამბურთიანი სხვაობებით დათმო.