პიკე: “რეალში” არიან ისეთები, ვისაც ფეხის ჩარტყმის ხმა 25 მეტრიდან ესმით”
კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ მორიგი “კლასიკოს” შემდეგ თავისი კომენტარით ყურადღება ისევ მიიქცია. ამჯერად, მან მესისა და რამოსის ინციდენტზე საუბრისას დანი კარვახალზე იხუმრა.
როგორც იცით, 24 თებერვალს, ლა ლიგაში “რეალმა” სტუმრად “ლევანტე” 2:1 დაამარცხა. მადრიდელებმა მეორე გოლი პენალტით გაიტანეს. პენალტი იმიტომ დაინიშნა, რომ საჯარიმოში კაზემირო წაიქცა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბრაზილიელისთვის მეტოქეს ფეხი არ ჩაურტყამს. მატჩის დასრულების შემდეგ კარვახალმა ამ ეპიზოდზე საუბრისას ასეთი რამ თქვა: “საჯარიმოდან 25 მეტრის მოშორებით ვიდექი, მაგრამ კაზემიროსთვის ფეხში ჩარტყმის ხმა მაინც გავიგე.”
ჟერარ პიკემ “რეალის” მარჯვენა მცველის სწორედ ეს კომენტარი გაიხსენა.
“მე 50 მეტრის მოშორებით ვიდექი და ეს მომენტი არ დამინახავს. თუმცა, “რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ფეხში ჩარტყმის ხმა 25 მეტრში ესმით, მე ასეთი მონაცემები არ მაქვს”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს “მარკა”.