პირჯვრის გადაწერის აკრძალვა ფეხბურთში – მუსლიმი სასულიერო პირის რჩევა ფიფას
მუსლიმმა სასულიერო პირმა ფიფას ქრისტიანი ფეხბურთელებისათვის პირჯვრის გადაწერის აკრძალვა ურჩია.
მოჰამედე ალარეფე საუდის არაბეთში მოღვაწე სასულიერო პირია, რომელიც ამავდროულად, პროფესორიცაა. მან მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“მინახავს ვიდეოები სპორტსმენებზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც დარბიან, ურტყამენ და როცა იმარჯვებენ, პირჯვარს იწერენ. ჩემი შეკითხვა ასეთია: ფიფას წესები ამას არ უნდა კრძალავდეს?” – წერს ალარეფე Twitter-ში.
მუსლიმი სასულიერო პირის პოსტს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ მუსლიმებიც და ქრისტიანებიც. ერთ-ერთმა პიროვნებამ ალარეფეს “რომას” მუსლიმი ფეხბურთელის, მოჰამედ სალაჰის გოლის აღნიშვნაც შეახსენა: “ვერ მოვიტყუები. მოჰამედ სალაჰიც და სხვა მოთამაშეებიც გოლის გატანის შემდეგ მუხლებზე იჩოქებენ და ლოცულობენ, მათ არავინ სჯის.”
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში რელიგიური საკითხების პრობლემის წამოჭრა პირველად არ ხდება. მაგალითად, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში მადრიდის “რეალის” ოფიციალური პროდუქცია ისე იყიდება, რომ კლუბის ლოგოზე ჯვარი დატანილი არ არის.