პირველ წრეში ჯგუფის ფავორიტთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლასით უფრო ძლიერ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და თამაშში ბოლომდე დარჩნენ, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობამ გამარჯვების საშუალება არ მოგვცა – 26:37.
ეს იყო სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტისა და კავკასიური ხასიათის დაპირისპირება, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს და ტოლსწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იყო ეპიზოდები, როდესაც უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს ლელოც ლოგიკური ჩანდა, თუმცა პატარ-პატარა შეცდომების გამო ქულების აღება ვერ მოხერხდა.
მთლიანობაში, ‘პუმიტასმა’ გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა, მაგრამ მინიმუმ ქულას უმცროსი ბორჯღალოსნებიც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ბოლო ლელოს დადება ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ბიჭებმა, რომლებმაც არგენტინასთან მთელი 80 წუთი თავდადებულად იომეს, ქომაგისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს და მოედანი თავაწეული დატოვეს.
საქართველო 26:37 არგენტინა
საქართველოსა და არგენტინის შეხვედრებისთვის ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი თითქმის პირთამდე შეივსო. ტრიბუნებზე ბორჯღალოსნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამერიკული ტურნესთვის ემზადებიან. ასევე იყვნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სამხრეთ ამერიკელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლივ ქომაგობდნენ. ტრიბუნაზე იყო ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ის ქართველთა თავდადებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.
‘პუმიტასმა’ ჰიმნი არგენტინელთათვის ტრადიციულად, ემოციურად შეასრულა. მერე იყო ჩვენი ჰიმნი და თამაში პირველსავე წუთებიდან გახურდა. უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ ღია თამაშში, სწრაფმა არგენტინელებმა რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და უპირატესობის მოპოვება. ქართველები ბურთზე კონტროლის დამყარებას და ფორვარდების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ჩასაფრებული არგენტინელები მცირე შეცდომას არ გვპატიობდნენ.
ანგარიში გელა აფრასიძემ ჯარიმით გახსნა, რომელმაც შესვენებამდე კიდევ სამი შანსი მიიღო და ყველა გამოიყენა, აქედან ორი დარტყმა საკუთარი ნახევრიდან შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ პერიოდში მეტოქემ 3 ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა და შესვენებისას სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო – 12:17.
მეტოქე მიხვდა, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იოლად ვერ გაუმკლავდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში აღარ გარისკა, ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ქართველებმა ფაზები გადააბეს და წითელ ზოლს უწიეს, ლელოც თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქემ იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. 3 ქულის აღება ძალიან მარტივი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს და სამწუხაროდ, უქულოდ დარჩნენ.
61-ე წუთზე მატიას სოსემ ინდივიდუალური გარღვევით არგენტინელთა მე-4 ლელო დადო და საკუთარ გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 5 წუთში უპასუხეს: კარგი მოლი მეტოქემ ჩააქცია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, შეტევა ხაზზე გაიშალა, გიორგი გოგოლაძემ ბურთი გიორგი კვესელაძეს ამოუგდო და მან 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო მიითვალა.
სოსეს კიდევ ერთ სწრაფ გარღვევას არგენტინელთა მორიგი ლელო მოყვა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და უშანგი ჭეიშვილის ლელო გოგოლაძემ გარდასახა. დრო კიდევ საკმარისი იყო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 15-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და პრემიალური ქულის აღება არ დაგვანება.
პრესკონფერენცია
„ეს იყო ურთულესი, ფიზიკურად მძიმე თამაში, რომელიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და ხშირად ვჯარიმდებოდით, რამაც საქმე გაგვირთულა, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება. ახლა შეცდომების გამოსწორებას და საფრანგეთთან უკეთესი თამაშის ჩვენებას ვეცდებით“ – განაცხადა არგენტინელთა კაპიტანმა ტომას მალანოსმა.
„დღევანდელ თამაშს მომზადებულები შევხვდით, თუმცა რიგ ეპიზოდებში შეცდომები დავუშვით, ასეთ დონეზე კი, მსგავსი შეცდომები ძვირად ფასობს. იყო ტექნიკური წუნიც, რამაც შედეგზე იმოქმედა. კარგი იქნებოდა მოსამზადებელ პერიოდში მსგავსი დონის მეტოქესთან გვეთამაშა. დღეს ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, ახლა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ“ – თქვა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.
ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. ვფიქრობ, მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ არგენტინამ შეცდომები არ გვაპატია, ჩვენ კი საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშს დღესვე დავივიწყებთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადებით“.
Rugby.Ge