პირველი არხის განცხადება „კუკესი“-„ტორპედოს“ განმეორებით მატჩთან დაკავშირებით
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ “კუკესისა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გასამართ მატჩს პირდაპირ ეთერში არცერთი ქართული ტელეარხი არ აჩვენებს.
პირველმა არხმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა და ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც ტრანსლაცია ვერ ხერხდება.
“ქუთაისის „ტორპედო“-ალბანეთის „კუკესი“ მატჩებთან დაკავშირებით, პირველი არხი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლიცენზიის გაცვლის შესახებ.
სამწუხაროდ, ალბანურმა კლუბმა ტრანსლაციის უფლებები გერმანულ სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდა.
ალბანეთის მაუწყებლის დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩების გაცვლა არ მოხერხდა, რადგან კლუბმა თავად აწარმოა მოლაპარაკება შუამავალ კომპანიასთან. თუმცა, 2018 წლის 9 აგვისტოს, მაუწყებელმა გადაიღო თამაში და უჩვენა ქართველ გულშემატკივარს, უფრო მეტიც, ორგანიზაციამ სიგნალი უსასყიდლოდ მიაწოდა ქუთაისის „ტორპედოს“. კლუბმა სიგნალი გადასცა (მიჰყიდა) შუამავალ კომპანიას, რომელიც დღეს პირველი არხისგან ამ გუნდების განმეორებითი მატჩის ჩვენებისთვის თანხას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რეგულაციებს.
განმარტებისთვის, არსებული წესის მიხედვით, პირველი არხი ნებისმიერ ლიცენზიას იძენს მხოლოდ უშუალოდ მფლობელისგან და არა შუამავალი (გადამყიდველი) კომპანიისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “კუკესი” – “ტორპედოს” მატჩი დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.