პირველი ეტაპი – დილა
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “დილა” იქნება.
სეზონის სტარტზე გორის “დილას” ფინანსური პრობლემა შეექმნა, რამაც კლუბში საკადრო რევოლუცია გამოიწვია. გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი წავიდა. თუმცა, გორელებმა ევროტურნირების წინ შესძლეს ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა. ახალგაზრდა მწვრთნელს, “დინამოში” წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რეაბილიტაციის მშვენიერი შანსი მიეცა, და დევდარიანმაც შესანიშნავად დაიწყო. “დილამ” ევროტურნირებზე ჯერ დანიური “ოლბორგი” დაამარცხა შემდეგ კი ხორვატულ “ჰაიდუკსაც” გაცდა. აი ვენის “რაპიდის” ბარიერის დაძლევა კი, გორელებმა ვეღარ მოახერხეს. ევროტურნირებზე ასპარეზობას კიდევ ერთი დანაკლისი მოჰყვა. სპლიტის “ჰაიდუკში” კლუბის ლიდერი გიორგი ილურიძე გადავიდა.
ევროტურნირების პარალელურად “დილა” ეროვნულ ჩემპიონატშიც ნორმალურად ასპარეზობდნა, თუმცა წარმატებული სასტარტო სამი ტურის შემდეგ არასტაბილური სერია დაიწყო. “დილამ” ჯერ “ზესტაფონთან”, მერე “ჩიხურასთან” ბოლოს კი “გურიასთან” წააგო და გიორგი დევდარიანიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დევდარიანის შემცვლელად 36 წლის რამაზ სოღოლაშვილი დაინიშნა. ახალგაზრდა მწვრთნელს თავიდან კი გაუჭირდა, მაგრამ ბოლო ტურებში “დილამ” საკმაოდ ნორმალური ფეხბურთი ითამაშა. შედეგად გორული კლუბი ახალ წელს მესამე პოზიციაზე ხვდება.
“დილამ” პირველ ეტაპზე მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა, საკუთარში კი 15 მიიღო. გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ირაკლი მოდებაძე იყო, რომელმაც 15 მატჩში 9-ჯერ მოახერხა გოლის გატანა. ასევე აღსანიშნავია გრიგოლ დოლიძის თამაშიც. ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ეს დუეტი მალე თბილისის “დინამოს” ფორმას მოირგებს.