პირველი ეტაპი – გურია
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “გურია” იქნება.
ლანჩხუთის “გურიამ” პირველ ეტაპზე ყველა გააოცა. პირველი ლიგიდან გადმოსულმა კლუბმა საკმაოდ ღირსეულად იასპარეზა და რომ არა ფინანსური პრობელმები სავარაუდოდ გურულები პირველ ეტაპს სამეულშიც კი დაასრულებდნენ.
სეზონის სტარტზე კლუბი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყვნენ ისინი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვოდა კლუბის უმაღლესში დაბრუნებაში. მაგრამ, შევსებაც საკმაოდ სოლიდური იყო და გურულები გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ, რომელთაც სათავეში უკრაინელი სპეციალისტი, რომან პოკორა ჩაუდგა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც “გურიას” პირველ ეტაპზე ჰქონდა საშინაო მოედნის არარსებობა იყო. გურულები საშინაო მატჩებს ქობულეთსა და სამტრედიაში ატარებდნენ. განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა ქობულეთური “ჩელე არენა”, სადაც “გურიამ” გორის “დილა”, რუსთავის “მეტალურგი” და თბილისის “დინამოც” კი დაამარცხა.
დეკემბერში “გურიაში” ფინანსური პრობლემებმა იჩინა თავი და ფეხბურთელებმა გაფიცვა გამოაცხადეს. მიუხედავად წარდგენილი გარანტიებისა, უვარჯიშებლობამ “გურიას” გამოსვლას დაღი დაასვა. დეკემბერში გამართული 4 მატჩიდან გურულები 3-ჯერ დამარცხდნენ და საბოლოოდ პირველი ეტაპი მეხუთე საფეხურზე დაასრულეს.
პირველ ეტაპზე გურულებმა 18 შეხვედრიდან 9 მოიგეს და 9 წააგეს. ფრე ლანჩხუთელებს ჯერ არ უთამაშიათ. მეტოქეთა კარი “გურიას” ფეხბურთელებმა 20-ჯერ აიღეს, საკუთარში კი 25 მიიღეს.
პირველ ეტაპზე საუკეთესო მეგოლე “სიონიდან” გადმოსული ახალგაზრდა ვილი ისიანი გახდა. ასევე გამორჩეულები იყვნენ კოშკაძე, ჩეუნსუ და შალამბერიძე.
მეორე ეტაპისთვის გამგეობამ “გურიას” საკმაოდ მცირე თანხა გამოუყო და თუ ლანჩხუთელები სპონსორს არ იშოვიან, წარმატებული ასპარეზობის გაგრძელება ნამდვილად გაუჭირდებათ.