პირველი ეტაპი – ტორპედო
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” იქნება.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი ქუთაისის “ტორპედომ” ჩააგდო. კარგი სტარტს, ხანგრძლივი წარუმატებელი სერია მოჰყვა და შედეგად გათამაშების პირველი ნაწილი ქუთაისელებმა მეცხრე პოზიციაზე დაასრულეს.
თუმცა, ეროვნულ ჩემპიონატამდე ევროთასები იყო. სეზონის წინ “ვისოლმა” ქუთაისური კლუბის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და თბილისის “ლოკომოტივის” ძირითად ბირთვთან ერთად, “რკინიგზელთა” მთავარი მწვრთენლიც, ჯერარდ სარაგოსაც “ტორპედოში” მიიწვია. სადებიუტო მატჩშს განახლებული “ტორპედო” საკუთარ მოედანზე, სლოვაკურ “ჟილინასთან” ატარებდა და დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. სლოვაკეთში ჩატარებული განმეორებითი შეხვედრა, ფრედ 3-3 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე “ჟილინა” გავიდა. “ტორპედო” კი უმაღლეს ლიგაზე გადმოერთო.
ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს. ლაღი, სანახაობრივი და რაც მთავარია შედეგიანი ფეხბურთით “ტორპედო” მეათე ტურამდე დაუმარცხებლად მივიდა.
სწორედ ამ ტურიდან დაიწყო სარაგოსას გუნდის უკუსვლა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა გადამწყვეტი გამოდგა. “დინამოსა” და “ტორპედოს” თამაში ნამდვილი სანახაობა იყო. მატჩის დებიუტში თბილისელები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და “ტორპედომ” ამით მალევე ისარგებლა. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და მეორე ტაიმში “დინამომ” ხმალაძის გოლით გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.
პირველი ეტაპის დარჩენილ რვა შეხვედრაში ქუთაისელებმა ერთი მატჩის მოგება შესძლეს და 7-ჯერ დამარცხდნენ. უკანასკნელ ტურში კი, “ტორპედო” “ვიტ ჯორჯიასთან” 5-0 განადგურდა და ჟერარდ სარაგოსაც გუნდიდან წავიდა. სარაგოსას კლუბის მთავარი სპონსორი “ვისოლიც” მიჰყვა. გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმაც დატოვეს.
პირველ ეტაპზე გუნდმა 18 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 8-ჯერ დამარცხდა. ბურთების შეფარდება 19/24-ზე.
მეორე ეტაპზე კლუბს სავარაუდოდ ქალაქის მერია ან ადგილობრივი ბიზნესმენები დააფინანსებენ. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” რევაზ ძოძუაშვილი უთავკაცებს.