პირველი ეტაპი – ზესტაფონი
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” იქნება.
ევროთასების გარეშე დარჩენილმა “ზესტაფონმა” სეზონის სტარზე სამეულში დაბრუნება დაისახა მიზნად და ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურიც იყო. კლუბი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ფეხბურთელებით გაძლიერდა, რომლებსაც სათავეში სერბი სპეციალისტი, რატკო დოსტანიჩი ჩაუდგა.
დოსტანიჩს საქმე კარგად ნამდვილად არ წაუვიდა. პირველი გამარჯვება “ზესტაფონმა” მხოლოდ მეხუთე ტურში მოიპოვა. ზესტაფონელებმა საკუთარ მოედანზე გორის “დილას” დაამარცხეს. ამ გამარჯვებას შედარებით ნორმალური მატჩების სერია მოჰყვა, სადაც “ზესტაფონმა” ქულების მოგროვება შესძლო. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც მიიღო რატკო დოსტანიჩის კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ ზესტაფონური კლუბი თასის გათამაშებიდან გამოვარდა, სადაც იმერლებმა ბოლნისის “სიონის” ბარიერი ვერ გადალახეს.
რატკო დოსტანიჩი “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძემ შეცვალა. სწორედ გეგუჩაძის სახელს უკავშირდება ზესტაფონური კლუბის ყველაზე მნიშნელოვანი მიღწევები.
გეგუჩაძის სადებიუტო მატჩი თბილისი “დინამოსთან” ჰქონდა. იმერლებმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა, მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაუშვეს მეორე გოლი და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ამ მატჩის შემდეგ “ზესტაფონმა” “ტორეპდოსა” და “მეტალურგს” მოუგო და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.
ზესტაფონელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეექვსეზე მყოფ “მეტალურგს”, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე ექვსეულისთვის ბრძოლა უკდურესად დაძაბული იქნება.
ახალ წლის შემდეგ “ზესტაფონი” საგრძნობლად გააქტიურდა სატრანსფერო ბაზარზე. ამ ეტაპისთვის იმერულმა კლუბმა უკვე ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ესენი არიან: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (სამივე “დილა”) და დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”).