პირველი ივნისი სხვადსხვა სპორტული აქტივობით აღნიშნეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ სპორტულ ღონისძიებებს შეუერთდა, რომელიც 1 ივნისს 35-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა.
სტადიონზე სხვადასხვა სპორტული აქტივობები იყო წარმოდგენილი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს განმტკიცება იყო.
ღონისძიებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის სტუდენტებმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი მიიტანეს. შეგახსენებთ, რომ საქართველო 2-15 ივლისამდე უეფას 19-წლამდე ჩემპიონატს მასპინძლობს. თასი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს, ქვეყნის ყველა რეგიონს ესტუმრება და ყველა მსურველს შეეძლება სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. ლევან კობიაშვილმა ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა: „უპირველესად ყველას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ჰქონდეს საშუალება იცხოვროს და გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს ფედერაციების წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
Gff.Ge