პირველი ლიგის მატჩი გარიგების საშიშროების მიზეზით გადაიდო
დღეს ხობის „კოხლეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის პირველი ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბვების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრის გადადება გადაწყვიტა, მიზეზად კი შეხვედრის შესაძლო გარიგება დაასახელა, რის შესახებაც GFF.GE წერს.
„ეს არის დაუშვებელი ფაქტი, როდესაც ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით ხდება თამაშების შედეგებზე ზემოქმედება. დღეს ჩვენ მივიღეთ ამ საშიშროების შესახებ ინფორმაცია. მე ვიმყოფებოდი ადგილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თამაში გადაგვედო. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფედერაცია ასევე გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ვაფიქსირებ საჯაროდ ჩვენს პოზიციას, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, რადგან ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს“, – ციტირებს კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტი.