პირველი სპარინგ-მატჩი თურქულ შეკრებაზე
2013 წლის 4 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბი ”პანდურიი” გახლდათ.
შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:30 (თბილისის დროით – 19:30) საათზე დაიწყება. რუმინული კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი კრისტიან პუშტაი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. “პანდურიი” ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია, თუმცა შემდეგ ეტაპის საგზურები იტალიურ “ფიორენტინასთან” და უკრაინულ “დნიპრესთან” ბრძოლაშ დათმო. გუნდში ბრაზილიელი, პორტუგალიელი, იტალიაელი, სურინამელი, ლიტველი, გვინეელი, ლიბანელი და ა.შ. (სულ – 13) ლეგიონერი და რამდენიმე გამოცდილი რუმინელი ფეხბურთელი ასპარეზობს.
მატჩის უმეტესი ნაწილი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. იმის მიუხედავად, რომ ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში ისევ ფიზიკური დატვირთვების ფონზე უწევდათ ასპარეზობა, ბურთს და ტერიტორიას ისინი აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ჰქმნიდნენ.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ზესტაფონელებმა რამდენიმე ისეთი კომბინაცია გაითამაშეს, რომელთა გოლით დაგვირგვინებაც შეიძლებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც ერთი ეპიზოდია – გიორგი ჭანკოტაძემ ძალიან კარგი გადაცემით რუმინელთა გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა გრიგოლ დოლიძე, მან კი ბურთი კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში მყოფ ნიკა საბანაძესმიაცოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმას კარპატელთა მეკარე გაუმკლავდა…
თამაშის ასეთი სცენარის გათვალისწინებით ალოგიკური ჩანდა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რუმინელთა ბრაზილიელი ლეგიონერის ალექს დოს სანტოსის 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლი. “პანდურიის” პირველ სახიფათო იერიშს მოჰყვა შეტევის მარცხენა ფლანგიდან იმერელთა საჯარიმოში ჩაწოდება, რომელსაც კახა მეშველიანი გაუმკლავდა და ბურთი აუტში გავიდა. აუტის ჩაწოდებას კი მოყვა მომენტი, რომელშიც შეხვედრის თურქმა არბიტრმა წესის დარღვევა აღმოაჩინა…
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, რუმინელები კი სწრაფ კონტრშეტევებში ეძებდნენ თავიანთ შანსს. საბოლოოდ, შესვენებისთვის დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. იმერელთა მარცხი მინიმალური ანგარიშთ 0-1.
დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემდგენლობა იასპარეზეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 64), თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა, გურული (გაგოშიძე, 67), ჭელიძე (ჭანტურიშვილი, 64), შარიქაძე (სარდალიშვილი, 64), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 64), დოლიძე (კაპანაძე, 64), გეწაძე (ფანცულაია, 64), საბანაძე (ტატანაშვილი, 64).
შემდეგ სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი 7 თებერვალს ჩეხური ”პრშიბრამის” წინააღმდეგ გამართავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური