პირველი წრის შეჯამება: ჩიხურა
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი საჩხერის “ჩიხურაზე” გვექნება.
საჩხერელებმა მიმდინარე სეზონი ევროტურნირებით დაიწყეს და ქართული გუნდებიდან ყევლაზე კარგი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა. “ტურნოვოსა” და “ბურსასპორის” დამარცხების შემდეგ “ჩიხურა” ევროსარბიელს “ნეფთჩისთან” დუელით დაემშვიდობა. განსაკუთრებულად დასამახოვრებელი კი რა თქმა უნდა თურქულ კლუბთან პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება გახდა.
ევროტურნირებიდან უმაღლეს ლიგაზე გადართვა ფრუიძის გუნდს გაუჭირდა. სასტარტო 4 ტურში “ჩიხურამ” მხოლოდ 4 ქულა ჩაიწერა აქტივში. შემდეგ იყო “მეტალურგთან” და “დილასთან” მოგებული შეხვედრები, რასაც კვლავ არასტაბილური შედეგები მოყვა. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ ეტაპზე საჩხერელთა მთავრი ნაკლი სწორედ სტაბილურობის ნაკლებობა იყო. ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება “ჩიხურამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა. დანარჩენ შემთხვევებში კი კარგად ჩატარებულ შეხვედრას რამდენიმე განიავებული ქულა მოყვებოდა.
მიუხედავად ამისა, პირველი წრის მაჟორულ ნოტაზე დასრულება “ჩიხურამ” მაინც შეძლო და მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” მოგებით დაასრულა გათამაშების პირველი ეტაპი. საჩხერელები 2014 წლის დასრულება ტიტულითაც შეეძლოთ. თუმცა, “დინამოსთან” სუპერთასის ფინალში ღონღაძის მიერ აცილებული პენალტის შემდეგ საკუთარ კარში გოლი ჩისკოსგან მიიღეს და თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.
საჩხერელები საქართველოს თასზეც აგრძელებენ ასპარეზობას. როგორც ევროთასების მონაწილე “ჩიხურა” გათამაშებაში 1/8-ფინალიდან ჩაერთო, სადაც მას მეტოქედ “ზესტაფონი” ერგო. ორმატჩიანი იმერული დერბის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც “ზესტას” ყოფილმა კაპიტანმა და სუპერთასის ანტიგმირმა, თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა და საჩხერელებს 1/4-ფინალის საგზური მოუპოვა.
პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები ქვილითაია, კორიფაძე, ოდიკაძე და ჯიღაური იყვნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკე მუმლაძე. ახალგაზრდა ფორვარდი პირველ წრეში გატანილი 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
მეორე წრის წინ “ჩიხურამ” სამი მოთამაშე დაიმატა. საჩხერელებს ყოფილი “ზესტაფონელები”, სარდალიშვილი და შარიქაძე გააძლიერებენ. ბოლნისის “სიონიდან” კი “ჩიხურას” გიორგი განუგრავამ მიაშურა.