პირველი წრის შეჯამება: კოლხეთი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საფეხბურთ კლუბ ფოთის “კოლხეთზე” ვისაუბრებთ.
ჩემპიონატის დაწყების წინ ფოთელებმა თურქეთში ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს და გუნდი გაძლიერება ლეგიონერებითაც სცადეს. თუმცა, მათი თამაში სხვადასხვა მიზეზების გამო წარმატებულად ვერ ჩაითვლება, გუნდის მთავარი მინუსი კი პირველ ეტაპზე სტაბილურობის ნაკლებობა იყო.
ფოთელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს. “ზუგდიდთან” მოპოვებული პირველი ქულის შემდეგ კი საჩხერის “ჩიხურას” დამარცხებაც შეძლეს, რის შემდეგაც ორ შეხვედრაში დამარცხდნენ, თუმცა “გურიასთან” და თბილისის “დინამოსთან” მატჩებში ფოთელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მინიმუმ თითო ქულის აღებას მაინც იმსახურებდნენ.
ქულების მოპოვება ფოთელებმა შემდეგ ტურებში დაიწყეს, როცა ჯერ “სიონს” ძლიეს, შემდეგ კი “ზესტაფოთან” და “შუქურასთან” მატჩებში მოიპოვეს ორი ქულა, თუმცა ამ წარმატებულ პერიოდს ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩი მოყვა და შესაბამისად გასავარდნ ზონასთან სიახლოვეც. მდგომარეობის გამოსწორება ფოთელებმა უკანასკნელ ორ ტურში შეძლეს. “ვიტ ჯორჯიასთან” და “სპარტაკთან” მოპოვებული გამარჯვებებით “კოლხეთმა” პირველი წრის ბოლოს 17 ქულის მოგროვება შეძლო და ზამთრის არდადეგებზე მე-12 ადგილით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ცხინვალელებთან შეხვედრაში ფოთელებმა 3 ქულა დათა სიჭინავას მიერ პირდაპირ კუთხურიდან გატანილი გოლით შეძლეს.
პირველ ეტაპზე “კოლხეთის” ნამდვილი ლიდერი სწორედ სიჭინავა იყო. გუნდის 26 წლის ლიდერმა უმაღლესი ლიგის 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო, რასაც საქართველოს თასის 4 მატჩი გატანილი 4 გოლიც დაუმატა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით სიჭინავა მეორე ეტაპზე გუნდს აღარ დაეხმარება. საქმე სხვა გუნდების მსგავსად ფოთშიც ფინანსურ პრობელმებთან გვაქვს. მეორე წრეში გუნდს მხოლოდ 300 000 ლარით დააფინანსებენ, რაც უმაღლესი ლიგის ბინადარი კოლექტივისთვსი საკმარისი რა თქმა უნდა არ იქნება.
თასის გათამაშება ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რმ ფოთელებმა ეს ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყეს და წალენჯიხის “სქურის” ძლევის შემდეგ (7:0 ორი მატჩი ჯამში), 1/8-ფინალში გორის “დილას” დაუპირისპირდნენ. გორში ნულოვანი ფრის შემდეგ წყვილში გამარჯვებულის ბედი ლანჩხუთის სტადიონზე გადაწყდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გორელებმაც შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.
სტაბილურობის ნაკლებობა რაც შეეხება, ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საშინაო სტადიონის არქონაა. “კოლხეთმა” ყველა საშინაო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ლანჩუთში ჩაატარა, რამაც ბუნებრივია გარკვეული გავლენა მოახდინა მათ გამოსვლაზე.