პირველი წრის შეჯამება: შუქურა
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი ქობულეთის “შუქურაზე” გვექნება.
უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “შუქურას” შემადეგნლობაც საკმაოდ ნორმალურ ჰყავდა და შესაბამისად ახალ სეზონსაც ქობულეთელები ამბიციური გეგმებით ხვდებოდნენ. “ზუგდიდთან” პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებას “გურიასთან” და “ჩიხურასთან” ფრეები და სამწვრთნელო ცვლილება მოყვა. ბესიკ შეროზიას ნაცვლად “შუქურა” აჭარელი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ამირან გოგიტიძემ ჩაიბარა. მის სადებიუტო მატჩებს წარამტებულად ვერ ჩავთვლით. “სიონთან” მოპოვებული ქულის შემდეგ “შუქურა” თბილისში “დინამოს” ესტუმრა და საკუთარ კარში 6 უპასუხო გოლი გაუშვა. პირველი გამარჯვება გოგიტიძემ “შუქურასთან” ერთად მხოლოდ მეშვიდე ცდიდან მოიპოვა, თუმცა ისიც ტექნიკური შედეგი იყო, რაც გორის “დილას” გულშემატკივრების მეოდანზე შესვლით იყო განპირობებული და ჩაშლილ შეხვედრაში “შუქურას” 3:0 ჩაეთვალა. შემდეგ ტურში ქობულეთელები “მერანთან” დამარცხდნენ და გოგიტიძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვმა შეცვალა.
უკრაინელმა სპეციალისტმა ქობულეთურ კლუბს პირველი წრის უკანასკნელ 4 შეხვედრაში უთავკაცა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 7 ქულის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ერთხელ, ცხინვალის “სპარტაკთან” დამარცხდა.
წარუმატებელი გამოდგა “შუქურას” ასპარეზობა საქართველოს თასზე, რომელსაც ქობულეთელები თბილსის “დინამოსთან” მატჩებით დაემშვიდობენენ. 1/8-ფინალში კი “შუქურა” “სამგურალთან” პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვებით გავიდა.
პირველ ეტაპზე გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გიორგი ჩელებაძე და ზვიად მეტრეველი იყვნენ. ორივემ სამი გოლის გატანა შეძლო. შედეგიანი იყო მცველი ზაზა ტუღუშიც, რომელმაც ასევე 3 შედეგიანი დარტყმა შეასრულა. “შუქურას” კარგად მოერგო “სპარტაკიდან” გადასული თორნიკე თუხარელიც, თუმცა ტრავმის გამო მან მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე ქობულეთელთა ღირსებას 4 უცხოელის იცავდა. 20 წლის რუსმა, მაქსიმ გოლიხინმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა. მისმა თანამემამულე აზამატ ჯიოევმა კი “შუქურას” კარი 8 მატჩში დაიცვა. 4-ჯერ მოუწია თამაში ბრაზილიელ შემტევ ლუკასს, რომელიც გუნდს ბოლო ტურებში შეუერთდა. ლეგიონერებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული, კამერუნელი ნახევარმცველი რობერტ ლობე გახლდათ, რომელიც პირველ და უმაღლესი ლიგებშიც გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.