პირველი წრის შეჯამება: ტორპედო
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი ქუთაისი “ტორპედო” იქნება.
მიუხედავად ფაქტობრივად ჩავარდნილი მოსამზადებელი ეტაპისა და ახლად შეკრებილი შემადგენლობისა, ქუთაისის “ტორპედომ” სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და საწყის 6 ტურში მხოლოდ ერთხელ, მარტვილის “მერანთან” წააგო.
ამის შემდეგ კი გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ქუთათურებმა ზედიზედ ოთხი ფრე ითამაშეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. საკუთარ მოედანზე ქართულ კლასიკოში განცდილი მარცხით კი სეზონის ყველაზე ცუდ მონაკვეთს დაუდეს საფუძველი.
პირველი წრის უკანასკნელ ხუთ ტურში “ტორპედომ” 4 მარცხი იწვნია და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ხსენებული ქულის მომტანი შეხვედრა პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.
ბუნებრივია, რომ ზედიზედ 9 მოუგებელმა შეხვედრა ასახვა სატურნირო ცხრილში ჰპოვა. ქუთათურებმა ლიდერთა ჯგუფიდან აუტსაიდერებში გადაინაცვლეს და პირველი ეტაპი 16 ქულით მე-13 პოზიციაზე დაასრულეს.
პირველ ეტაპზე გუნდის შემადეგნლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ფორვარდი ოთარ კვერნაძე გახლდათ. 21 წლის შემტევმა უმაღლესი ლიგის 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. კვერნაძემ ერთხელ თასის გათამაშებაშიც გაიტანა, რომელშიც “ტორპედომ” “ჩხერიმელას” და “მერანის” ძლევით 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.
ზამთრის არდადეგების დაწყებისთანავე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. “ტორპედოსთან” ხელშეკრულება დაუსრულდა მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს, რომელმაც ქუთაისური კლუბი დატოვა. ახალი თავკაცი კი გიორგი დარასელია გახდა. მეორე წრისთვის კლუბის გაძლიერება იგეგმება და რამდენიმე ტრანსფერი ფაქტობრივად განხორციელებული არის. შეიცვალა გუნდის დაფინანსების წყაროც. “ტორპედოს” ამიერიდან ქალაქის მერია უპატრონებს, “ვისოლი” კი გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა და თან ისე, რომ გარკვეული თანხაც დატოვა “ტორპედოს” ანგარიშზე.