პირველი ტურის MVP-ის შანსი: ბითაძის 24 ქულა, 12 მოხსნა და გამარჯვება ბოსნიაში
გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგა დიდებულად დაიწყო. სერბული “მეგა ბიმაქსის” ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში თავის გუნდს ბოსნიაში მოაგებინა. სრემშკა მიტროვიცელები ქალაქ ალექსანდროვაცში “იგოკეას” ესტუმრნენ და ბითაძის ლიდერობით 80:79 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრმა დიდებულად ითამაშა. ქართველი გოლიათი შეუჩერებელი იყო და მეგაბიმაქსელებმა ფავორიტად მიჩნეული მასპინძლები რომ დაამარცხეს, ბითაძის წილი უდიდესია. ქართველმა თინეიჯერმა უნივერსალიზმი გამოავლინა და მეტოქის ფარს ხელი არც ახლოდან დააკლო, არც საშუალო დისტანციიდან და 2 სამქულიანიც ჩაუგდო. ბითაძემ 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ გოგამ ჩაადგო თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე ის საჯარიმო, რის შემდეგაც “მეგა ბიმაქსი” 4 ქულით დაწინაურდა და ბოსნიელებისთვის მიუწვდომელი გახდა.
ბითაძემ ორმაგ დუბლს უწია და მოგროვებულ 24 ქულას 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიამატა. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 31:10 წუთი გაატარა. მას პასივში 5 დაკარგვა აქვს, თუმცა ბითაძის შედეგიანობამ და “მეგა ბიმაქსის” გამარჯვებამ ყველა ხარვეზი გადაფარა.
ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა და ის ცხადია, მატჩის MVP გახდა. ქართველს შანსი აქვს, ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს, თუმცა ბოლო მატჩი ორშაბათსაა დაგეგმილი და მისი დასრულების შემდეგ საბოლოო შედეგებს გავიგებთ.
ადრიატიკის მეორე ტურში, 6 ოქტომბერს, ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბულ ფმპ-ს უმასპინძლებს.
GBF.GE