პიცაში ნაპოვნი გვარდიოლა — “იუნაიტედის” ფანი სასამართლოში ჩივის
საინტერესო ამბავი მოხდა ინგლისში. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ჯეიმს ჰაგერტი ერთ-ერთი პიცერიის “მსხვერპლი” გახდა. როგორც ის ამბობს, მის მიერ შეკვეთილ პიცაზე “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სახე იყო გამოსახული, რამაც საშინლად გააბრაზა.
“როდესაც პიცის ყუთი გავხსენი, ცუდად გავხდი. პეპ გვარდიოლას სისხლიანი სახე შემომყურებდა. “სიტი” მძულს. ისე მძულს, რომ ფერის გამო არც ცის ყურება მიყვარს.
დავრეკე იმ პიცერიაში, რათა ჩემთვის პიცა შეეცვალათ, მაგრამ არანაირი რეაგირება. მითხრეს, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ მე გიჟი არ ვარ. ვიცი, რაც იყო ჩემ თვალწინ.
პიცას აღარასდროს შევუკვეთავ. ამაზე რომ ვფიქრობ, მუდამ იმ გაიძვერის (ცენზურა დაცულია) სახე მაგონდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ვეღარც ვიძინებ. როდესაც თვალებს ვხუჭავ, მის სახეს ვხედავ, რომელიც დამცინის”, – ჰაგერტის კომენტარი Sunday Sport-მა გამოაქვეყნა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” 43 წლის ფანი სასამართლოში ჩივილს აპირებს და პიცაში გადახდილი 7,50 ფუნტის დაბრუნებასა და კომპენსაციის სახით 5 ათასი ფუნტის გადახდას მოითხოვს.