პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”
როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.
“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.