პლატინი სომხურად ალაპარაკდა
როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დაასახელეს.
„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წლის ფეხბურთელის ტიტული მე გადმომეცა. მადლობას ვუხდი ჩემს სანაკრებო თანაგუნდელებს, რომელთა წყალობითაც ამ წარმატებას მივაღწიე“, – მხითარიანის ეს სიტყვები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ სომეხ ფეხბურთელს ჯილდოს მოგება უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სპეციალური ვიდეომიმართვით სომხურ ენაზე მიულოცა. მხითარიანი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.
„ჩემთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის ეს დიდი სურპრიზი იყო. ყოველდღე ვერ მოისმენ უეფას პრეზიდენტისგან შენს გვარს“, – აღნიშნა მხითარიანმა.
დასასრულს, 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„28 დეკემბერს შვებულებაში გავდივარ. 5 იანვარს „ბორუსიას“ შევუერთდები და ვარჯიშს განვაახლებ. შემდეგ ესპანეთში რვადღიანი შეკრება გვექნება, სადაც სეზონის მეორე წრისთვის მოვემზადებით“.
აქვე გთავაზობთ პლატინის ვიდეომიმართვას.
ბექა დოგრაშვილი