ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: “თელავმა” “გურია” დაამარცხა
დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა თელავში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და საინტერესო ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. თელაველთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ახალგაზრდა გიორგი ხარებაშვილი და სწორედ მის სოლო რეიდს მოჰყვა 56-ე წუთზე გოლი, ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და სტანდარტული ჩაწოდების შემდეგ მაგლოირ ტელამ ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი ასე დასრულდებოდა, რომ არა 92-ე წუთზე არბიტრის მიერ ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზუსტად ნიკა ნოზაძემ გამოიყენა. საბოლოოდ შეხვედრა 2-1 დასრულდა.
შემდეგ მატჩს ეს გუნდები ლანჩხუთში 3 დეკემბერს გამართავენ, სადაც გაირკვეევა, თუ რომელი გუნდი იასპარეზებს მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში.