პლეიოფების მეორე წრე – ორმაგი რევანში
საქართველოს 2014 წლის პირველობის პლეი-ოფის მეორე წრეში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც ორი კვირით ადრე, წრიული ეტაპის ბოლო ტურში, იმავე მეტოქეებთან წააგეს.
მეორე წრე – შესარჩევი და გასავარდნი ფინალები – შევარდენზე მოეწყო.
შაბათს ლელომ 6 ქულით ძლია არმია და პირდაპირ გავიდა “ბზის თასის” “დიდ ფინალში” (24/05),
კვირას კი ლოკომოტივმა 19 ქულით აჯობა “ბოლნისი ყოჩებს” და ახლა
“წინასწარ ფინალში” (17/05) არმიას შეეცილება “დიდი ფინალის” საგზურს.
არმია 13:19 ლელო
2ლ: ტუჩაშვილი თხილაიშვილი; ჯ: კობახიძე სბ წბ თხილაიშვილი –
ლ: ჭყოიძე; გ 4ჯ: ყიასაშვილი წბ კოლელიშვილი
მსაჯი ო’ქონელ (ირლ) აცდა: 2გ – ჯ # შეცვლა: 5 / 4
ლელომ შარშან, ბზის თასის ფინალში 16:10 ძლია არმია და ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ სეზონში, ავჭალაში, ორივე წრიული რკენა არმიამ მოიგო – 16:12 (30/11) და 19:10 (26/04)
სტადიონი პირამდე აივსო. ჯაფა დაადგათ მორკინალებს: შეცვლაზე შესული ცხრავე სათადარიგო ფორვარდი იყო. სამივე ლელო მატჩის საწყის ათ წუთში დაიდო, შემდეგ კი ჯარიმებიღა გავიდა. ბოლო მეოთხედში, მოლში ატყდა მუშტი-კრივი, რასაც თითო მარბიელის გაძევება მოყვა წითელი ბარათით.
არმია სამჯერ დაწინაურდა – 5:0, 10:7 და 13:10, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით პირველი ტაიმი მაინც ფრედ, 13:13 დასრულდა. მესამე მეოთხედში არმიას 6 ქულად დაუჯდა გიორგი თხილაიშვილის სინბინი, ბოლო 27 წუთში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და ლელო დამდეგ უქმეებზე დაისვენებს.
ლოკომოტივი 29:10 ბოლნისი ყოჩები
2ლ: წიკლაური კავთიძე; 2გ 5ჯ: წიკლაური –
ლ: ტყეშელიაძე; გ ჯ: სოხაძე
მსაჯი ბლექ (ირლ) აცდა: 2ა – ა # შეცვლა: 6 / 8
წრიულ სტადიაზე 9-გზის ჩემპიონმა ლოკომოტივმა ყოჩებთან თანაბარ თამაშში თითო მოიგო 20:19(1/12) და წააგო 16:18 (26/04), ამჯერად კი ტაქტიკური დარტყმებით დაჯაბნა მეტოქე და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ყოჩებმა რამდენჯერმე საკუთარი დერეფანი წააგეს. ლოკომოტივის ბექებმა 20 წუთის შუალედით ორი ლელო გაიტანეს და საათის თავზე ანგარიში 26:3 რომ გახდა, მატჩის ბედიც გადაწყდა.
რკინიგზელებს ლელოთი და 7 გოლით 24 ქულა შესძინა კაპიტანმა ბექა წიკლაურმა და მექულეთა დოღში მეორე ადგილზე აინაცვლა.
თემურ სოხაძე | ყოჩები |
232 |
ბექა წიკლაური | ლოკომოტივი |
213 |
ირაკლი ყიასაშვილი | ლელო |
209 |
ყოჩებმა მეოთხე ადგილზე დააფინიშეს, რაც უდაო წარმატებაა გუნდისთვის, რომელიც შარშან ბოლო, მეათე იყო.
შაბათობით, შევარდენზე
სეზონის ორი დასკვნითი თამაშიც შევარდენზე, შაბათობით გაიმართება.
17 მაისს, ხუთის ნახევარზე (16.30) არმია “წინასწარ ფინალში” ლოკომოტივს ხვდება.
24 მაისს, ხუთზე (17.00) ლელო შარშან მოპოვებულ “ბზის თასს” წინასწარის მოგებულთან რკენაში დაიცავს.
Rugby.GE