პლეიოფების მესამე წრე – დიდ ფინალში გასასვლელად
შაბათს, შევარდენზე, ხუთის ნახევრიდან (16.30), საქართველოს 2014 წლის პირველობის წინასწარ ფინალში, არმია ლოკომოტივს შეერკინება.
პირველობაზე ორი მატჩიღა დარჩა გასამართი, მაგრამ იმის გამო, რომ გარდამავალი “ბზის თასი” ავსტრალიური სისტემით თამაშდება, შეჯიბრს ოთხის ნაცვლად სამი გუნდიღა შემორჩა.
მედალი სამივეს გარანტირებული აქვს, ოღონდაც გასარკვევია უმთავრესი – ვის რომელი ლითონისა (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) ერგება.
ამ შაბათს (17/05) წინასწარი ფინალია, ერთი კვირის თავზე (24/05) კი – დიდი, საჩემპიონო. მასში მონაწილეობა წინა ვიქენდზე დაიბევა შარშანდელმა (2013) ჩემპიონმა, ლელომ, რაკი შესარჩევი ფინალი 19:13 მოუგო არმიას.
არმია – ლოკომოტივი
რადგან არმიამ ორი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, ავსტრალიური სისტემით მარცხი ეპატია და მეორე შანსი მიეცა – ჯარის გუნდი ეთამაშება გასავარდნი ფინალის გამარჯვებულს, ლოკომოტივს, ვინაც ბოლნისი ყოჩები 29:10 ძლია და მეოთხე ადგილზე დატოვა.
არმია 2011 წლის ჩემპიონია და 2012 წელს, მოკლე, გარდამავალი ტურნირიც მოიგო, ლოკომოტივი კი დამოუკიდებლობის ხანაში 9-ჯერ (ბოლოს 2010 წელს) იყო პირველი, ხოლო სულ 18 მედალი მოუგროვებია.
მიმდინარე სეზონში მეტოქეებმა ერთმანეთს თითო მატჩი მოუგეს – შემოდგომაზე (28/09) ლოკომოტივმა ავჭალაში 27:15 იმარჯვა, არმიამ კი ხუთი თვის თავზე (28/02) იქვე 24:15 აიღო რევანში.
წინასწარი ფინალის გამარჯვებული ბზის თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, დამარცხებული კი ვარდება და მესამე ადგილს დაიკავებს.
მსაჯობს მორიგი, მეხუთე ირლანდიელი – ქიარან ბერი, დიდ ფინალზე კი თვით პითერ ფითსგიბონი ჩამოვა.
შევარდენზე დასწრება ამჯერადაც უფასოა.
Rugby.GE