“პლეიოფი” დაიწყო
ამას წინათ საინტერესო ფაქტს ჩავუფიქრდი: ევროპის საფეხბურთო საკლუბო ტურნირები ყველა მსურველისთვის გახსნილია. არანაირი შეზღუდვა ქვეყნის, მსოფლიო რეიტინგის ან კლასის მიხედვით იქ არ არის. პრინციპი მარტივია: ოღონდ ითამაშე, საშინაო ასპარეზზე კარგი შედეგი აჩვენე და ყველაზე საუკეთესო შეჯიბრებები შენთვის ღიაა. ბუბა კიკაბიძე რომ მღერის “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო” – დაახლოებით ეგრეა. სარაგბო ტურნირები კი, პირიქით, საშინლად ჩაკეტლი და (ჩემი აზრით) უსამართლო პრინციპით ტარდება: რამდენიმე ჯილა ქვეყანა შეყრის თავის გუნდებს ლოტოტრონში, ჰა-ჰა ერთი-ორი იტალიელიური კლუბიც დაიმატონ და ეგაა შენი “ჩემპიონთა ლიგა”. არც რანგით მეორე ევროპული შეჯიბრება გამოირჩევა გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. მოკლედ ქაჯეთის ციხეა.
და ყველაფერი ამის მიუხედავად… ქართული საფეხბურთო კლუბები ამ სტუმართმოყვარე ტურნირების ძირთად ნაწილამდე მიღწევას ვერ ახერხებენ, სარაგბო კლუბებს კი მომავალი წლიდან ევროპელები თავად ეპატიჟებიან სათამაშოდ. სავარაუდოდ ევროპაში ორი ჩვენებური გუნდი გავა.
ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ორმაგად საინტერესოს ხდის. ევროტურნირებში ჩართვა აუცილებლად გააძლიერებს აქაურ ასპარეზს, აამაღლებს მოტივაციას (რომელიც ისედაც საკმარისია) და გახსნის ახალ პერსპექტივას.
სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებს ტრიუმფით დაიწყებენ. ისიც კარგი იქნება ბიჭები რაღაც ახალს რომ ნახავენ და, თუდაც მწარე, გაკვეთილს მიიღებენ.
ჰოდა, იმას ვამბობდი… საქართველოს ჩემპიონატი უფრო და უფრო აქტუალური ხდებათქო. ამიტომ გადავწყვიტე, ამ საიტის მკითხველს უმაღლესი ლიგის მატჩებზე მოვუთხრო ხოლმე; მოვუყვე იმის შესახებ, რაც ბოლო ტურის შეხვედრებში მოხდა; ვინ როგორ რაგბის თამაშობს და ვინ რა მდგომარეობაშია. ამ სეზონში ამის გაკეთება ბევრჯერ აღარ მომიწევს, რადგანაც უკვე პლეი ოფი დაიწყო და სულ რამდენიმე შეხვედრა დარჩა, მაგრამ საექსპერიმენტოდ სრულიად საკმარისია.
ეს შესავალი იყო.
მაშ ასე. შაბათს პლეიოფი დაიწყო და “ნოქ აუთ” რაუნდში გასული ექვსი გუდნიდან ოთხმა უკანასკნელმა ითამაშა. ახლა არ მკითხოთ რატომ ოთხმა და არა ექვსივემო! საქართველოს პირველობა ავსტრალიელების მოგონილი ბატიფეხური სისტემით იმართება, რომელიც, სავარაუდოდ ევროპელმა მისიონერებმა და ადგილობრივმა მჩხიბავებმა საერთო ძალისხმევით შექმნეს. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ…
მოკელდ პირველ საპლეიოფო ტურში “ლოკომოტივი” “ჯიქებს” შეება, “აია” კი “ყოჩებთან” სათამაშოდ ჩამოვიდა. რატომღაც ეს ორივე მატჩი ერთ დროს დაიწყო (ესეც ჩემპიონთა ლიგა ხომ არაა, თქვე დალოცვილებო!) და გულშემატკივრებიც “ავჭალასა” და “შევარდენს” შორის გაიხლიჩნენ.
ეს მძიმე დილემა “ყოჩები” “აიას” სასარგებლოდ გადავწყვიტე. ვიფიქრე უფრო ლაღი თამაში იქნებათქო და ასეც გამოვიდა – შეცდომებით და “ფალშებით” სავსე, მაგრამ მაინც მხიარული.
ჯერ იყო და ყოჩების გამთამაშებლებმა არაზუსტი არეკნები დააყარეს მეტოქეს. განსაკუთრებით თემო სოხაძე, სადაც ბურთს დაიჭერდა ეგრევე კარში ურახუნებდა. გაოგნებულმა ირლანდიელმა რეფერიმ ქართულად იკითხა – უკაცრავად, ეს რა სპორტიაო. რა იცის საბრალო კელტმა, რომ ჩვენში რაციონალური თამაში მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოდის, დანარჩენი დრო თვითშემოქმედებას ეთმობა.
მერე ყველაფერი ოდნავ დამშვიდდა და ანგარიშიც გაიხსნა, სოხაძის ჯარიმას, გოგიშვილის ლელო და სოხაძისავე გარდასახვა მოჰყვა.
ამასობაში ქუთაისელებმაც მოახერხეს გამოფხიზლება და პირველივე საპასუხო შეტევაში 7 ქულა აიღეს.
მერე კვლავ თვითშემოქმედების დრო დადგა. არ ვიცი უცხოელი მსაჯის მოხიბვლას ცდილობდნენ, თუ პუბლიკის, მაგრამ ზედმეტი კი მოსდიოდათ. არც ერთი გუნდი ბურთს არ უფრთხილდებოდა და კარგი ქველმოქმედივით უთმობდა მეტოქეს უაზრო “ოფლოუდებით”. ცალკე საკითხია შეტევების ბოლო ფაზა, როცა ერთი კარგი პასი უნდა გაკეთდეს და ლელო ჯიბეში გაქვს. მაგრამ სწორედ ის ბოლო პასია ხან ალთას რომ მიფრინავს და ხან – ბალთას და… “წავიდან მიქელ გაბრიელთან შენი სამი ჩაფი ღვინო.” ამ ცუდი ბოლო პასის გამო, ორივე გუნდის რამდენიმე ძალიან ლამაზი შეტევა უშედეგოდ დასრულდა.
ბოლოს სოხაძემ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 13:7 მორჩა.
მეორე ნახევარი იმერლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ …”სამი ჩაფის ამბავი ხომ გახსოვთ?!”
და მერე “აიას” 10 ნომერი დაემტვრა. რეზი ჯინჭველაშვილი შეიძლება ახალგაზრდაა, მაგრამ თუკი მისი გუნდი თამაშობდა ერთ-ერთი “დამნაშავე” სწორედ ის იყო. საერთოდ ეს ბიჭი იმ მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელზე გინდა რომ თქვა – “ეს დიდ რაგბის ითამაშებს”. მაგრამ იმ დღეს რეზის არ გაუმართლა, ჯერ ხომ ტრავმა მიიღო, შმედეგ კი დაახლოებით 20 წუთი მოუწია ტკივილით სასწრაფო დახმარების ლოდინი. აქ ირლანდიელმა მსაჯმა მეორედ ამოიკვნესა ქართულად: ” მიხედეთ ბავშვს, ცოდოაო”.
“აიამ” კი თამაში ვეღარ დაალაგა და, როცა მეტოქეზე წნეხი ყველაზე მეტად უნდა გაეზარდა (ანუ მატჩის ბოლო მეოთხედში) აქეთ მიიღო ლელო და ყველაფერი ცხადი გახდა. საქართველოს პირველობას არათბილისური გუნდი აღარ შემორჩა (“ყოჩები” კი ასპარეზობენ ბოლნისის სახელით, მაგრამ მე ხომ ვიცი რანაირი ბოლნისელებიც არიან) და ბზის თასი თბილისური გარჩევის საქმე გახდა.
ყოჩებმა 20:7 გაიმარჯვეს და ასპარეზობას აგრძელებენ. მათი მომდევნო მეტოქე თბილისის ლოკომოტივი იქნება, რომელმაც “ჯიქებთან” შეხვედრა ფრედ 19:19 დაასრულა და მატჩში მეტი ლელოს გატანისთვის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ წესსაც შევედავებოდი ჩემი ნება რომ იყოს: ცოდოა იმ გუნდის წაგებულად გამოცხადება, რომელმაც მეტოქესთან თანაბარი ქულები მოაგროვა. სულ მცირე, დამატებით დროს მაინც იმსახურებს, მაგრამ რას გაუგებ ავსტრალიელ მჩხიბავებს…
მომდევნო ტური დამდეგ უქმეებზეა. მოდით!