პოჩეტინო: “ექსპერიმენტები? არც მეცნიერი ვარ და არც ქიმიკოსი”
“ნიუკასლთან” გასამართ მატჩამდე ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. მაურისიო პოჩეტინო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებისთვის (რასაც ექსპერიმენტი უწოდა) გააკრიტიკა.
“ექსპერიმენტები? არც მეცნიერი ვარ და არც ქიმიკოსი. თქვენ კი ექსპერიმენტებზე მესაუბრებით. ეს ყოველივე ჩვენი გასახდელიდან ძალიან შორსაა. ჩვენ მწვრთნელები ვართ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ – ვწვრთნით ხალხს, რომელთაც ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.
გთხოვთ, ნუ შეგვადარებთ ექიმებთან ან იმ ხალხთან, რომლებიც უნივერსიტეტში ბევრს სწავლობენ. ამ ხალხის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ ექსპერიმენტები ჩვენი საქმე არ არის.
“ნიუკასლის” სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. მათ ძალიან სჭირდებათ ქულები და ყველაფერს გააკეთებენ სასურველ შედეგზე გასასვლელად. დიდი ბრძოლა გველის,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.