პოჩეტინო: “ლამელას ბრწყინვალე სეზონი ექნება”
“დეზების” თავკაცი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელი ფეხბურთელი თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენას მოახერხებს.
მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, ერიკ ლამელა “ინტერში” ან “პორტოში” გადასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, მას სამუშაო ადგილი არ შეუცვლია.
არგენტინელი სპეციალისტი კი თვლის, რომ 2015-16 წლების სეზონი თავისი თანამემამულისთვის ბრწყინვალე იქნება:
“მცირე მოთმინება გვმართებს. ერიკი აქ უკვე მესამე სეზონს ატარებს, ჩვენ კი მისგან შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას ველით. წინ ბევრი თამაში გველოდება, ასე რომ, საჭიროა, გუნდში კონკურენცია იყოს”.
“ვფიქრობ, ეს სეზონი ლამელასთვის განსაკუთრებული იქნება. “ტოტენჰემში” გატარებული ორწლიანი კარიერის შემდეგ მისი დრო დგება”, – დაასრულა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, ლამელა ლონდონელთა შემადგენლობას 2013 წლის ზაფხულში “რომადან” 25.7 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.