პოგბა 30 მილიონი ფუნტით მეტი ეღირება – რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს?
როგორც იცით, ხვალ, 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულ სამეფოში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენასა თუ ამ არ ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.
საინტერესოა, როგორი გავლენა ექნება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პრემიერ ლიგაზე? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა პრემიერ ლიგის გუნდების წინსვლას შეაფერხებს.
გავლენა სატრანსფერო ფასებზე
ბრიტანეთის ამ ორგანიზაციიდან გასვლა ავტომატურად გამოიწვევს ბრიტანული სტერლინგის (£) გაუფასურებას, რაც მარტივი მიზეზებით იქნება გამოწვეული – გაერთიანებული სამეფო დაკარგავს სავაჭრო კავშირს ზღვისმიღმა მდებარე ქვეყნებთან, გარდა ამისა ნაკლები იქნება ინვესტირებაც, რაც თავისთავად გაზრდის ფეხბურთელების ფასებს ინგლისური კლუბებისთვის. მაგალითისათვის, ვთქვათ, რომ “იუვენტუსმა” პოგბას გაყიდვა 160 მილიონ ევროდ განიზრახა. 2015 წლის ივნისის ბოლოს €/£ გაცვლის მაჩვენებელი 0.709 იყო, მაგრამ Brexit-ის შემდგომ ეს მაჩვენებელი თავისუფლად გაიზრდება და მიაღწევს 0.900 მაჩვენებელს.
ეს ყოველივე კი დიდ ინგლისურ კლუბებს (“ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და ა.შ.) დააზარალებს, რამეთუ მათ პოგბას სანაცვლოდ 113.4 მილიონი ფუნტის ნაცვლად 144 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ – 30 მილიონი ფუნტით მეტის. უცხოური კლუბებისთვის კი ფასი იგივე დარჩება. ეს ყველაფერი კი ისეთი გუნდების წისქვილზე დაასხამს წყალს, როგორიც “რეალი” და “ბარსელონაა”.
თუ ზღვისგაღმა მდებარე გუნდებთან ინგლისელები კონტრაქტში ფუნტის ნაცვლად ევროს მოიხსენიებენ, ეს პრემიერ ლიგის კლუბებისთვის დაწესებულ საერთო გადასახადს ავტომატურად გაზრდის.
გარდა ამისა, Brexit-ის შემდეგ სხვა კლუბებს გაცილებით გაუადვილდება პრემიერ ლიგის ისეთი ვარსკვლავების ყიდვა, როგორიც დიმიტრი პაიეტი და რომელუ ლუკაკუა.
და ბოლოს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო წაახალისებს ჩინურ კლუბებს, რომლებიც ბოლო 18 თვის მანძილზე განსაკუთრებულად აქტიურობენ სატრანსფერო ბაზარზე.
ინვესტორების შენარჩუნება
ამ დროისთვის პრემიერ ლიგის კლუბებით საკმაოდ ბევრი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული – პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 14 გუნდს უცხოელი ინვესტორები მართავენ. Brexit ასეთი ინვესტორებისთვის კარგი იმ მხრივ იქნება, რომ მათ უფრო იაფად შეეძლებათ კლუბების აქციების შეძენა.
ასე რომ ინტერესი ინგლისური კლუბების მიმართ დროებით შენარჩუნდება, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ სტერლინგის დაცემასთან ერთად ასეთი ინვესტორები წაგებაში წავიდნენ, კლუბის გაყიდვა კი გაცილებით უფრო იაფად მოუწიოთ.
ასე რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგ ინვესტორს დაფიქრება მოუწევს.
ფეხბურთელების შეძენის საკითხი
ამ დროისათვის პრემიერ ლიგაში არსებულ ფეხბურთელთა 65 პროცენტი უცხოეთიდან არის მოყვანილი. დღეისათვის ინგლისურ კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ შეიძინონ ფეხბურთელი ევროკავშირის პირადობის მოწმობით, თუმცა ამ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მათი საქმე გაცილებით გართულდება.
მოვლენების განვითარების საუკეთესო გზა: შეიძლება ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაშიც არ გაწყვიტონ კავშირი ევროკავშირთან და თავისუფალი მიმოსვლა შეინარჩუნონ. ამ შემთხვევაში ამ კუთხით სიტუაცია არ გაუარესდება.
მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი გზა: ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ იმ ფეხბურთელების შეძენას შეძლებენ, რომლებთაც ეროვნული ნაკრების მაისურით გარკვეული რაოდენობის მატჩში აქვთ მიღებული მონაწილეობა და ამასთანავე მათი ნაკრები უნდა აღემატებოდეს დაწესებულ ზღვარს ფიფას რეიტინგში.