პოლ პოგბა “იუვეში” ბრუნდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდება.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 29 წლის ფრანგი ფეხბურთელი “ბებერ სინიორასთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელები 80 მილიონ ევროს დახარჯავენ, რაშიც გათვალისწინებული იქნება მოთამაშის ხელფასი, ბონუსები და თანხა აგენტებისთვის. პოგბას ანაზღაურების სახით წლიურად ათი მილიონი ევრო მიეცემა.
როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა “იუვენტუსის” ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კი ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს “მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდიდან პოლ პოგბას წასვლის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფრანგი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსს ოფიციალურად 1-ელ ივლისს მიიღებს.