პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. ინგლისელმა საუკეთესო გუნდად, რომლის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონა” დაასახელა:
“ჩვენ არ გაგვიმართლა. ნებისმიერ სხვა ერაში ჩემპიონთა ლიგას ოთხჯერ, ხუთჯერ ან ექვსჯერ მოვიგებდით, მაგრამ ჩვენ პეპის “ბარსელონას” ეპოქაში მოგვიწია თამაში. ღმერთო, რა მაგარი გუნდი ჰყავდათ: ნახევარდაცვაში ანდრეს ინიესტა, ჩავი, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი, მარცხნივ ტიერი ანრი, ცენტრალური დაცვის ხაზი კარლეს პუიოლსა და ჟერარ პიკეს ეჭირათ. ეს რაღაც არარეალური კლუბი იყო. პეპის “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია, რომლის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში მითამაშია. საერთოდაც, ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. თუ წარსულში კიდევ უფრო ჩავძვრებით, მადრიდის “რეალიც” უნდა გავიხსენოთ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” სრულად გავნადგურდით. 3:1 მოგვიგეს, ეს ერთი კონკრეტული მატჩი იყო, მაგრამ მაშინ მადრიდელებს მართლაც საოცარი გუნდი ჰყავდათ. ეს “რეალი” გვარდიოლას “ბარსელონას” დიდად არ ჩამოუვარდებოდა. მათ ჰყავდათ ბრაზილიელი რონალდო, ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რედონდო საოცარი იყო, რაული, რობერტო კარლოსი, იერო, კარში იკერ კასილასი. წარმოუდგენელი გუნდი იყო.
თუ მეტოქედ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი უნდა დავასახელო, მაშინ პატრიკ ვიეირას გეტყვით. მე ისე ვთამაშობდი, რომ არასდროს მომეთხოვებოდა, მოწინააღმდეგეზე ძლიერი ვყოფილიყავი. მე უფრო პასის გამკეთებელი ფეხბურთელი ვიყავი. სწორედ გადაცემების მეშვეობით შემეძლო მეტოქის დაჯაბვნა, მაგრამ ვიეირა ძალიან უხერხული მოწინაარმდეგე გახლდათ: მაღალი, გრძელფეხებიანი. როდესაც გეგონა, რომ ბურთი უკვე გქონდა, პატრიკი მას თავიდან გაცლიდა. ძალიან უხერხული, მაგრამ ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო. ის უბრალოდ ბურთის დამჭერი კი არ გახლდათ, წინ მიიწევდა, გოლების გატანაც შეეძლო და მომენტებსაც ქმნიდა. დიდი ენერგია ჰქონდა. შესაძლოა, არა ყველაზე ბრძენი, მაგრამ დიდად უხერხული მეტოქე იყო, ამიტომ ამ კითხვაზე ყოველთვის ვიეირას ვასახელებ ხოლმე”.
პოლ სქოულზს ინგლისის ნაკრებზეც ჰკითხეს:
“ნაკრებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ასეთი შემადგენლობა გვყავდა და ვერც მსოფლიოს და ვერც ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში ვერ მოვახერხეთ. გულწრფელად გეტყვით, ვუყურებ ნაკრებს და ძალიან დიდი იმედგაცრუება მეუფლება”.
საუკეთესო სტადიონი, სადაც სქოულზს უთამაშია:
“ნიუკასლში თამაში მომწონდა, ამ გუნდს გიჟი ფანები ჰყავს. ლიდსში ჩასვლაც მიხაროდა. მათი ქომაგებისგან ყოველთვის დიდ წნეხს ვგრძნობდით, ჩვენი დაპირისპირება ლეგენდად იყო შერაცხული. თუმცა, საუკეთესო სტადიონი, სადაც ვყოფილვარ, არის მიუნხენის “ბაიერნის” საშინაო არენა”.