პოლიციამ მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავა
სამართალდამცველებმა ხობში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავა. მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე მოჭიდავე. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ხობის ცენტრში პოლიციამ სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.
ნუგზარ წურწუმია -55 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ის 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე, მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი. 24 წლის სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანიცაა.