პენსიონერი „ბაიერნისგან“ 3 მილიონის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს
გერმანიის პოლიციამ 63 წლის პენსიონერი ხარალდ ზირნგიბლი მიუნხენის „ბაიერნისგან“ ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცავთა ვარაუდით, ეჭვმიტანილმა საფეხბურთო კლუბში ორი წერილი გაგზავნა – პირველში მან, ჯამში, 3 მილიონი შემდეგნაირად მოითხოვა: 1 მილიონის მიღება მას 500-ევროიანი კუპიურებით სურდა, კიდევ 1 მილიონის მიღება ფრანკებში უნდოდა, ხოლო დარჩენილი ფასი სამკაულებით მოითხოვა. მეორე წერილში ბოროტმოქმედმა მოთხოვნები შეცვალა და 500-ევროიანი კუპიურების ნაცვლად 200-ევროიანი კუპიურები მოითხოვა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წერილის ავტორი სტადიონის ტერიტორიაზე აფეთქებით იმუქრებოდა.
„ბილდის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად 100-კაციანი კომისია შეიქმნა. ზირნგიბლი პოლიციამ ორშაბათს დააკავა.