პოლონელმა ოლიმპიელმა მედალი გაყიდა და 8 თვის ბიჭუნას დაეხმარა (ფოტო)
პოლონელმა ოლიმპიელმა, მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მოპოვებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა რვა თვის ბიჭუნას გულის ოპერაციის გაკეთებაში ფინანსურად დახმარებოდა.
25 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ საკუთარი ჟესტით აპირებს მაგალითი მისცეს სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ სხვადასხვა საჭირო ოპერაციების დროს ოჯახებს დაეხმარნონ.
ანდრეიჩიკი საერთოდ არ იცნობს იმ რვა თვის ბიჭუნასა და მის ოჯახს, რომელსაც ფინანსურად დაეხმარა. ეს ოჯახი მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ოპერაცია ჩატარდება. როგორც ცნობილია, ოპერაცია 250 000 დოლარი ღირს, სპორტსმენმა კი საკუთარი მედლის გაყიდვით მიღებული მთლიანი თანხა – 125 000 დოლარი ბავშვის ოჯახს გადასცა.
“ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ხანი არ დამჭირვებია, ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი. მას სერიოზული პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. ამ მედლის მნიშვნელობა ჩემს გულში დიდ ადგილს დაიკავებს. თავად მედალი მხოლოდ ნივთია. ვერცხლს შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს”, – განაცხადა სპორტსმენმა.
ანდრეიჩიკმა 2016 რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მას ძვლის კიბო დაუდგინდა, რომელიც დაამარცხა, შემდეგ კი ტოკიოში იბრძოლა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.