პორტუგალია — საფრანგეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
პორტუგალია — საფრანგეთი
შეხვედრის ადგილი: სენ-დენი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: კვირა, 10 ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. სენ-დენიში მდებარე “სტად დე ფრანსზე” ტიტულისთვის ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები შეეცილებიან.
ტურნირის სტარტზე ისლანდიის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პორტუგალია ფინალამდე გააღწევდა. სამაგიეროდ, ფერნანდუ სანტუში იყო თავიდანვე ამბიციური, ჩემი გუნდის მიზანი ჩემპიონატის მოგებააო. პორტუგალიელებს მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. პეპე მომჯობინდა და პორტუგალიელებს თავდაჯერებულობა შეემატათ. თუ კრიშტიანუ რონალდუ ისევე ითამაშებს, როგორც უელსელების წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშა, პორტუგალიის ნაკრებს შეეძლება, არსებობის ისტორიაში პირველად დაისაკუთროს დიდი ტურნირის ტიტული.
საფრანგეთის ნაკრები უბრალოდ ვალდებულია, ოცნება რეალობად აქციოს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულოს. დიდიე დეშამის გუნდს ამ წელს არაერთი პრობლემა ჰქონდა, თუმცა ბარიერებს თავი ღირსეულად გაართვა და ევრო-2016-ის ფინალშიც გავიდა. გულშემატკივრები საფრანგეთის ნაკრების ამ შემადგენლობას იმ “ოქროს თაობას” ადარებენ, რომელმაც 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ვნახოთ, რამდენად გაამართლებენ “მამლები” ამ იმედებს.
პორტუგალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
18/06/16 | ეჩ. | პორტუგალია | ავსტრია | 0:0 | |
22/06/16 | ეჩ. | უნგრეთი | პორტუგალია | 3:3 | |
25/06/16 | ეჩ. | ხორვატია | პორტუგალია | 0:0 (დ.დ. 0:1) | |
30/06/16 | ეჩ. | პოლონეთი | პორტუგალია | 1:1 (პენ. 3:5) | |
06/07/16 | ეჩ. | პორტუგალია | უელსი | 2:0 |
საფრანგეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
15/06/16 | ამხ. | საფრანგეთი | ალბანეთი | 2:0 | |
19/06/16 | ამხ. | შვეიცარია | საფრანგეთი | 0:0 | |
26/06/16 | ამხ. | საფრანგეთი | ირლანდია | 2:1 | |
03/07/16 | ამხ. | საფრანგეთი | ისლანდია | 5:2 | |
07/07/16 | ამხ. | გერმანია | საფრანგეთი | 0:2 |
ურთიერთშეხვედრები:
პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ერთმანეთთან 24 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 18 მატჩი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, პორტუგალიელებმა ხუთ შეხვედრაში იმარჯვეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ამ გუნდებს შორის ბოლო გამართული ათი მატჩიდან ათივე შემთხვევაში გამარჯვებულები ფრანგები დარჩნენ, აქედან ყველაზე დიდი ანგარიშით “მამლებმა” 2001 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვეს, როდესაც მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთი უკანასკნელად შორეულ 1975 წელს დაამარცხა. მაშინ პორტუგალიელებმა ამხანაგურ მატჩში 2:0 იმარჯვეს. ამ გუნდებს შორის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის სექტემბერში, ლისაბონში გაიმართა. აღნიშნული ამხანაგური მატჩი მატიე ვალბუენას გოლის წყალობით საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
(ბოლო სამი მატჩი)
12/06/15 – ამხანაგური: პორტუგალია 0:1 საფრანგეთი
12/06/15 – ამხანაგური: საფრანგეთი 2:1 პორტუგალია
12/06/15 – მსოფლიოს ჩემპიონატი: პორტუგალია 0:1 საფრანგეთი
ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მანამდეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და ტურნირის მოგებაა. საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. გვინდა, რომ პორტუგალიელი ხალხი გავაბედნიეროთ და მათ ზეიმის საბაბი მივცეთ. საფრანგეთის ნაკრებს ბევრი განხილვა არ სჭირდება. ამ გუნდზე ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. თავიდანვე ვამბობდი, რომ არსებობს სამი მთავარი ფავორიტი – საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია. მოგვიანებით კი სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ, მათ შორის – პორტუგალიის ნაკრები.
თუ მეტოქის ინდივიდუალურ შემსრულებლებზე ვისაუბრებთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვუფრთხით. საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც წამყვანი კლუბების ღირსებას იცავენ. თითოეულ მათგანს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებიც კარგი შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, როგორ მოიგონ შეხვედრა.
არაერთხელ მითქვამს, რომ გულშემატკივრების მხრიდან მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ. ისინი არამხოლოდ სტადიონზე, არამედ არენისკენ მიმავალ გზაზე და სავარჯიშო მოედანზეც გვამხნევებენ. ფინალურ მატჩშიც დაგვჭირდება მათი მხარდაჭერა”.
დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ – 18-ის, 20-ის თუ უფრო მეტის. როცა ტიტულის მოგების შესაძლებლობა გიჩნება, ეს შანსი უნდა გამოიყენო. თითოეულ ფეხბურთელს ესმის, თუ რაოდენ დიდი პატივია პარიზში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში თამაში.
ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე ფიქრისთვის დრო გვქონდა. რთული შეხვედრის შემდეგ ძალების აღდგენა მნიშვნელოვანი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბიჭები გადამწყვეტი მატჩისთვის მზად იქნებიან.
2000 წელს ფეხბურთელის რანგში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა ეს ჩავლილი ამბავია. ახლა სულ სხვა ისტორიაა და უკვე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ვარ ამ ამბის ნაწილი. ის გამარჯვება სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ წარსულზე საუბარი არ მიყვარს. მნიშვნელობა მხოლოდ აწმყოსა და მომავალს აქვს.
პორტუგალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და ფინალში შემთხვევით არ გასულა. ტურნირის სტარტზე ჩვენსავით პორტუგალიელებსაც ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა ჩვენც და ისინიც გავედით ფინალში. პორტუგალიის ნაკრები გამოცდილი გუნდია, რომელსაც მეტოქის გათვალისწინებით ტაქტიკური სქემის შეცვლა შეუძლია.
მათი დაცვითი ხაზი ძალზედ საიმედოდ თამაშობს. პორტუგალიელები აქტიურ პრესინგს არ მიმართავენ, მაგრამ ორი სწრაფი თავდამსხმელის გამოყენებით ცდილობენ სწრაფი კონტრშეტევების წამოწყებას”.
საინტერესო ფაქტები:
– პორტუგალიის ნაკრებს აქვს შანსი, დიდი ტურნირი პირველად მოიგოს.
– ფრანგებმა პორტუგალიელები ბოლოს ჩატარებული ათი მატჩიდან ათივე შემთხვევაში დაამარცხეს.
– ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამ ფინალში გამარჯვებულ გუნდს გადამწყვეტ მატჩში გოლი არ გაუშვია.
– ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამატებითი დრო ბოლოს 2000 წელს დაინიშნა, როდესაც დავიდ ტრეზეგეს “ოქროს გოლის” წყალობით საფრანგეთის ნაკრებმა იტალია 2:1 დაამარცხა.
– ევროპის ჩემპიონატის ფინალში თერთმეტმეტრიანების სერია ერთხელ – 1976 წელს დაინიშნა, როდესაც ჩეხოსლოვაკეთის გუნდმა დასავლეთ გერმანია დაამარცხა.
პორტუგალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
რუი პატრისიუ; სედრიკი, პეპე, ფონტე, გერეირუ; ვილიამ კარვალიუ, ადრიენი; ჟოაო მარიუ, რენატუ სანშეში; ნანი, რონალდუ.
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორისი; სანია, კოსელნი, უმტიტი, ევრა; პოგბა, მატუიდი; სისოკო, გრიზმანი, პაიე, ჟირუ.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 0:2 საფრანგეთი