პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)
სენ-დენის “სტად დე ფრანსზე” პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი პორტუგალიელებმა შექმნეს, თუმცა ლუიშ ნანის დარტყმული უგო ლორისის კარს ასცდა. შემდეგ უპირატესობას ფრანგები დაეუფლნენ. მომენტები ჰქონდათ ანტუან გრიზმანსა და მუსა სისოკოს, თუმცა ორივე შემთხვევაში პორტუგალიელთა კიპერმა რუი პატრისიუმ იყოჩაღა. პირველი ნახევრის მთავარი ეპიზოდი ტაიმის შუაწელს განვითარდა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ორთაბრძოლაში დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პორტუგალიელთა ცრემლმორეული ლიდერი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კი თამაშში რიკარდუ კუარეჟმა ჩაერთო. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.
მატჩის მეორე ტაიმში გუნდები კიდევ უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ, რამაც თამაშის ტემპი საგრძნობლად დააგდო, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა როგორც ფრანგებს, ასევე პორტუგალიელებს მიეცათ. ოლივიე ჟირუ ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა რუი პატრისიუ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მოგვიანებით მომენტი პორტუგალიელებსაც შეექმნათ, როდესაც ნანის დარტყმული ლორისმა დიდი გაჭირვებით მოიგერია, ბურთი კუარეჟმას მიუვიდა და მანაც “მაკრატელა” დაარტყა, თუმცა ფრანგთა კიპერმა სიტუაციის განმუხტვა შეძლო. აღსანიშნავი იყო სისოკოს შორეული “გასროლაც”, მაგრამ რუი პატრისიუმ ბურთის მოგერიება ამჯერადაც შეძლო. ყველაზე რეალური შანსი კი კომპენსირებულ დროში ანდრე-პიერ ჟინიაკს მიეცა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში პეპე ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ მიილია და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
პირველ დამატებით ტაიმში შესანიშნავი შანსი ჰქონდა ედერს, რომელიც კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით ურტყამდა, მაგრამ უგო ლორისმა კარგი რეაქცია გამოავილა და ბურთი მოიგერია. მეორე დამატებითი ტაიმის სტარტზე ფრანგთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც რაფაელ გერეირუმ დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა. ერთი წუთის შემდეგ კი ანგარიშიც გაიხსნა, გაიტანეს პორტუგალიელებმა, კერძოდ კი შეცვლაზე შემოსულმა ედერმა, რომელმაც საჯარიმო მოედნის გარედან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და “სელესაო” დააწინაურა. ედერმა პორტუგალიის ნაკრების რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ფრანგებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრეს. პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია, გუნდმა დიდი ტურნირი პირველად მოიგო.
ევრო-2016
ფინალი
პორტუგალია — საფრანგეთი 0:0 (0:0) (დ.დ. 1:0)
პორტუგალია: რუი პატრისიუ; სედრიკი, პეპე, ფონტე, გერეირუ; ვილიამ კარვალიუ, ადრიენი (ჟოაო მოუტინიუ 66′); ჟოაო მარიუ, რენატუ სანშეში (ედერი 79′); ნანი, რონალდუ (კუარეჟმა 25′).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.
საფრანგეთი: ლორისი; სანია, კოსელნი, უმტიტი, ევრა; პოგბა, მატუიდი; სისოკო (მარსიალი 110′), გრიზმანი, პაიე (კომანი 58′), ჟირუ (ჟინიაკი 78′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
გოლი: ედერი 109′.
გაფრთხილებები: სედრიკი 34′, ჟოაო მარიუ 62′ გერეირუ 95′, ვილიამ კარვალიუ 98′, ფონტე 119′, რუი პატრისიუ 120+3′ — უმტიტი 80′, მატუიდი 97′, კოსელნი 107′, პოგბა 115′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).