პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.
ბექა დოგრაშვილი