პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტს ზამთრის ტრანსფერებში?
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და კლუბებს შეუძლიათ გაყიდონ ან დაიმატონ სასურველი ფეხბურთელი. საინტერესოა, პრემიერ ლიგის რომელი კლუბები აქტიურობენ ყველაზე მეტად ამ პერიოდში…
transfermarkt.co.uk-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში ყველაზე მეტი (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებაში შევიდა) ლონდონურმა “ჩელსიმ” დახარჯა პრემიერ ლიგის გუნდებიდან – 238.45 მილიონი ფუნტი.
“არისტოკრატთა” ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ 2015 წლის იანვარში 26.35 მილიონ ფუნტად ხუან კუადრადო შეიძინა, 2013/14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი მან დაახლოებით 50 მილიონი დაახარჯა მატიჩის, მუჰამედ სალაჰისა და კურტ ზუმას ტრანსფერებს.
2011 წლის იანვარში კი კარლო ანჩელოტიმ 50 მილიონი გამოყო ფერნანდო ტორესის ტრანსფერისათვის, ხოლო 21.25 მილიონი – დავიდ ლუისისისათვის.
“დიდი ექვსეულის” დომინირება
გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მხარჯავთა ექვსეულს “დიდი ექვსეულის” გუნდები შეადგენენ – “სიტი” მეორეზეა დახარჯული 144.59 მილიონით, რომელსაც “ტოტენჰემი” (123.22 მლნ.), “ლივერპული” (119.72 მლნ.), “არსენალი” (93.51 მლნ.) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (93.47 მლნ.) მოსდევენ.
ცხრილის ბოლოში კი “ბარნლი” იმყოფება, რომელმაც ბოლო 14 ზამთარში სულ რაღაც 14.29 მილიონი ფუნტი დახარჯა. “ვესტ ბრომმა” – 15.44 მილიონი.
გაყიდული ფეხბურთელები
მართალია, “ჩელსი” ყველაზე მეტს ხარჯავს ზამთარში, მაგრამ ამის უფლებას “არისტოკრატებს” ის ფაქტიც აძლევთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფული სწორედ მათ ხაზინაში შედის.
2003/04 წლებიდან მოყოლებული, “ლურჯებმა” 150.94 მილიონი იშოვეს ზამთარში. ლონდონელებს “ლივერპულელები” მოსდევენ მიღებული 92.67 მილიონი ფუნტით. შემდეგ კი “ტოტენჰემი” (54.90 მლნ.) და “სუონსი” (46.46 მლნ) მოდიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე დადასტურებულია ოსკარის ტრანსფერი, რომლის წყალობითაც აბრამოვიჩის ყულაბა კიდევ 60 მილიონი ფუნტით უნდა გამდიდრდეს, ეს კი “ლურჯებს” კიდევ უფრო დააწინაურებს ზემოთაღნიშნულ სიაში.