პრემიერლიგის ახალ სეზონში პირველს მოურინიოს გაათავისუფლებენ
ბუქმეიქერული კანტორები მიიჩნევენ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონში ჟოზე მოურინიო იქნება პირველი მწვრთნელი, რომელსაც გუნდიდან გაათავისუფლებენ.
ბუქმეიქერული კანტორა “უილიამ ჰილი” გასულ კვირაში 55 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დათხოვნის შესაძლებლობას 15.0-ად აფასებდა, ხოლო მოგვიანებით კოეფიციენტი 6.0-მდე დაეცა. მოურინიო ამ მხრივ პირველ ადგილზეა და უსწრებს “უოტფორდის” ესპანელ თავკაც ხავი გარსიასა (7.0) და “ლესტერ სიტის” ფრანგ დამრიგებელ კლოდ პიუელს (8.0).
“მანჩესტერ იუნაიტედმა” აშშ-ში შეკრებისას რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. “წითელმა ეშმაკებმა” ფრედ ითამაშეს “ამერიკასთან” (1:1) და “სან ხოსესთან” (0:0). გუნდმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სადებიუტო მატჩში “მილანი” პენალტების სერიაში დაამარცხა, თუმცა შემდეგ “ლივერპულთან” დიდი ანგარიშით (1:4) წააგო.
აღნიშნული შედეგების შემდეგ ჟოზე მოურინიო თავს მხოლოდ იმის თქმით იმართლებს, რომ ეს “მისი გუნდი არ არის” და საჭიროა ახალი ფეხბურთელების შეძენა, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე თითქმის ასი მილიონი ევრო უკვე გაიღო და მეტის დახარჯვის სურვილი არ აქვს. ბრიტანული პრესა უკვე წერს, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს კონფლიქტი აქვს კლუბის ვიცეპრეზიდენტ ედ ვუდვორდთან, რომელიც კლუბის სატრანსფერო საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.