პრემიერლიგის დიდების დარბაზს “არსენალისა” და “ჩელსის” თითო-თითო ფეხბურთელი დაემატა
ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზი კიდევ ორი ფეხბურთელით შეივსო. ამჯერად ეს პატივი ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელ დენის ბერგკამპსა და “ჩელსის” ექსნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს ერგოთ.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი “მეთოფეთა” ღირსებას 1995-დან 2006 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ბერგკამპმა ტურნირზე 315 შეხვედრა ჩაატარა და 87 გოლი გაიტანა, გააკეთა 94 შედეგიანი გადაცემა. ის თვის მოთამაშედ ოთხჯერ დასახელდა.
ლამპარდს პრემიერლიგაში სამი გუნდის ფორმით უთამაშია: “ვესტ ჰემ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი”. საერთო ჯამში, მას ტურნირზე ჩატარებულ 609 მატჩში 177 გოლი და 102 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. ინგლისელმა ფეხბურთელმა “ჩელსის” რიგებში ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ლამპარდი 2004-2005 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო თვის მოთამაშის წოდება ოთხჯერ მოიპოვა.
მანამდე ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში ოთხი ფეხბურთელი შეიყვანეს: ტიერი ანრი, ალან შირერი, ერიკ კანტონა, როი კინი.
21 მაისამდე პრემიერლიგის დიდების დარბაზში კიდევ ორ მოთამაშეს შეიყვანენ.